
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ეგვიპტელები მუმიფიცირებულ ნეშტთან ერთად გარდაცვლილის პორტრეტსაც მარხავდნენ.
გარდაცვლილთა სახეები
ეგვიპტეში სამი ათასწლეულის განმავლობაში ათობით მილიონი ადამიანი და ცხოველი იქნა მუმიფიცირებული. თუმცა მათი საგანგებოდ შესრულებული პორტრეტები იშვიათად გვხვდება. 2019 წელს, საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ პირველად, რამდენიმე პორტრეტი ძველი ეგვიპტური ქალაქის – ფილადელფიის სამარხებში აღმოაჩინეს.
ეგვიპტელები დაკრძალვის ცერემონიას მთელი წლის შემოსავალს ახმარდნენ, ამბობს ლორელაი კორკორანი, მემფისის (ტენესის შტატი) ეგვიპტური ხელოვნებისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ნახატი ცვილსა ან ცხოველური წარმოშობის წებოში გაზავებული ბუნებრივი პიგმენტებით სრულდებოდა და იმით ფასდებოდა, თუ რამდენად რეალისტური იყო, თუმცა ხშირად იყო შელამაზებულიც, მაგალითად გარდაცვლილს ისეთი სამკაული ეკეთა, როგორიც ცხოვრებაში არ ჰქონია.
ჩვენთვის ცნობილია 1300-მდე მუმიის პორტრეტი. ალბათ, ბევრი კვლავაც აღმოსაჩენია, იმ მრავალ ნივთთან ერთად, რომელთა გამოყენებასაც გარდაცვლილები შემდგომ ცხოვრებაში იმედოვნებდნენ. – დენიელ სტოუნი
მწვანე (და ცოცხალი) ენერგია

ამიერიდან მეცნიერები ცოცხალი მცენარიდან შეძლებენ ელექტროენერგიის მიღებას. ფოტოსინთეზის დროს სინათლე წყლიდან ელექტრონების ნაკადს ქმნის. Corpuscularia lehmannii-ის (სუკულენტის სახესხვაობა) ფოთოლზე ელექტროგამტარების დაერთებით მეცნიერებს შეუძლიათ მართონ ელექტრონთა ნაკადი და ის ელექტროენერგიად გარდაქმნან. – ენი როთი
ამ ფრინველს ბუნებრივი ქოლგა აქვს


შავი ყანჩის „ჩრდი-ლოვანი“ ნადირობის სანახავად დაასკანერეთ ეს შტრიხკოდი თქვენი სმარტფონით.
სუბსაჰარულ აფრიკაში მობინადრე შავი ყანჩა (Egretta ardesiaca) ჭკვიანურ ხერხს იყენებს მსხვერპლის მოსახელთებლად. მარჩხობებში თევზებზე ნადირობისას ყანჩა ქოლგასავით შლის ფრთებს და ქმნის ჩრდილს, რაც თავშესაფრის მაძიებელ თევზებს იზიდავს. თავისი „უჩინმაჩინის მოსასხამით“ ყანჩა, როგორც ჩანს, ნაკლებად ხილულია თევზებისთვის, ყანჩისთვის კი ისინი ადვილი შესამჩნევი არიან. – ენი როთი