გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
გადაშენებული მცენარე? ჯერ არა!
1992 წელს, იაპონიაში, ჰიოგოს პრეფექტურაში ჯადოსნური ფარნის, Thismia kobensis-ის აღმოჩენიდან მალევე მშენებლობამ მისი ჰაბიტატი გაანადგურა. ის გადაშენებული ეგონათ, სანამ 30 კილომეტრის დაშორებით ახალ პოპულაციას აღმოაჩენდნენ 2021 წელს. ფოტოსინთეზის ნაცვლად ეს მცენარე სოკოებზე პარაზიტირებით ცოცხლობს. მეცნიერებს ამ სახეობის უკეთ შესწავლის იმედი აქვთ. – ენი როთი
შიმპანზეები, ჩვენ და კაკადუები
ამოცანის შესასრულებლად სწორი ხელსაწყოების გამოყენების უნარი მესამე სახეობაში დაფიქსირდა.
ფოტო: თომას სუჩანეკი
მშიერი გოფინის კაკადუს უნარებში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. ახალი კვლევის ფარგლებში ამ ფრინველის უნარები გამოცადეს თავსატეხი ყუთით, რომელშიც გამჭვირვალე მემბრანის უკან აკაჟუ ეყარა. პირველი ცდისას, თავსატეხის ამოსახსნელად კაკადუების განკარგულებაში იყო მოკლე, წვეტიანი ჯოხი (ზემოთ, მარცხნივ) ბარიერის გასარღვევად და გრძელი, დრეკადი ჯოხი (ზემოთ, მარჯვნივ) ყუთიდან თხილის გამოსაღებად. ზოგიერთმა ინდივიდმა თავსატეხის ამოხსნას 35 წამზე ნაკლები მოანდომა. მეორე ცდისას მეცნიერებმა ერთი მემბრანიანი, მეორე კი უმემბრანო ყუთი გამოიყენეს. კაკადუებმა კვლავ სწორად შეარჩიეს შესაბამისი ხელსაწყოები. საბოლოოდ, კაკადუებსა და ყუთებს შორის დაბრკოლებები დაამატეს. თავსატეხის ამოსახსნელად ფრინველებს ხელსაწყოები დახრილ ზედაპირზე უნდა აეტანათ ან ფრენით გადაეადგილებინათ. თუთიყუშებმა დაბრკოლებებს არათუ თავი გაართვეს, ზოგმა ორივე ჯოხის ერთდროულად ტარებაც ისწავლა. ეს ადასტურებს დაკვირვებებს, რომ კაკადუები ჯოხებს ხელსაწყოების ნაკრებად აღიქვამენ. ეს ადამიანებისთვის დამახასიათებელი ქცევაა, რომელიც ადრე შიმპანზეებშია დაფიქსირებული. „იქნებ ახლა გამოთქმა „ჩიტისტვინა“ კომპლიმენტად იქცეს“, – ამბობს ალის აუერშპერგი, ვენის ვეტერინარიული მედიცინის უნივერსიტეტის კოგნიტური ბიოლოგი. – ჯეისონ ბიტელი
რამსეს II-ის თავის ქალების კოლექცია

ფარაონს, რომელსაც, სავარაუდოდ, ყველაფერი ჰქონდა, ძღვნად შესწირეს 2000 მუმიფიცირებული ცხვრის თავიც. ახლა უკვე უხორცო თავის ქალები, შესაძლოა, რამსეს II-ის საიქიო ცხოვრებისთვის იყო განკუთვნილი. ისინი დღეგრძელი ფარაონის პატივსაცემად აშენებული სატაძრო კომპლექსის აქამდე უცნობ ნაწილში აღმოაჩინეს, კაიროდან სამხრეთით, 435 კილომეტრში. მკვლევრები, რომლებმაც თავები მიწიდან ამოიღეს, ვარაუდობენ, რომ ისინი რამსეს II-ის სიკვდილიდან (ძვ.წ. 1213 წ.) დაახლოებით ათასი წლის შემდეგ ჩაფლეს. – პატრისია ედმონდსი