
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ცირკის ნოსტალგია და თანამედროვე ტექნოლოგიები
არენაზე ახალი ბრწყინვალე წარმოდგენები ჩნდება
გერმანიის ქალაქ კელნში, რონკალის ცირკში ექვსმეტრიანი სპილო ცეკვავს. ეს უწონო ქმნილება ნახევრად გამჭვირვალეა. სამგანზომილებიანი არსება 6 მლნ პიქსელიანი ჰოლოგრამაა, რომელიც 15 ინჟინრის, 3000 პროცესორისა და 11 ლაზერის სხივის მეშვეობით გამოდის არენაზე. წარმოდგენა „ნოსტალგიური ცირკისა და თანამედროვე ელემენტების სინთეზია“, ამბობს დამფუძნებელი ბერნარდ პოლი, რომელმაც ამ ტექნოლოგიის განვითარება 2018 წლის სუპერ-ბოულზე როკვარსკვლავ, პრინცის ჰოლოგრამის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა. ცირკში „ნამდვილი ცხოველების“ ნაცვლად თევზების, ცხენების და სპილოების ჰოლოგრამებია. ინოვაცია დადებითად შეფასდა, რადგან ასე ცირკის ტრადიციის შენარჩუნება ცხოველთა უფლებების შელახვის გარეშე არის შესაძლებელი. – კლერ უოლტერსი

სიღრმისეული ძიება სიძველეებში
მილიონწლოვან ძვლებზე დაკვირვებით მეცნიერები ადგენენ, თუ როგორ იყო სქესთა შორის სახლის საქმეები გადანაწილებული. ძვლებზე წარმოებული ბრიტანული კვლევით დადგინდა, რომ პრეისტორიულ ხანაში მეურნეობით დაკავებული მამაკაცები მძიმედ შრომობდნენ. თუმცა ქალების ძვლებიდანაც ჩანს, რომ ისინიც შრომობდნენ და დღევანდელ ქალბატონებზე 40%-ით უფრო ძლიერნი იყვნენ. ანთროპოლოგ ელისონ მარის თქმით, ეს აღმოჩენები ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ქალები სულაც არ არიან სუსტი სქესის წარმომადგენლები. – პატრისია ედმონდსი

თუ ტკიპა კბენს, ოპოსუმი ვალში არ რჩება
ჩრდილოეთ ამერიკაში ლაიმის დაავადების გადამტანი შავფეხა ტკიპები სხვადასხვა არსებაზე ბინადრობენ. ერთ-ერთი კვლევით, მათ მოშორებაში ჩემპიონი ოპოსუმია, რომელიც თავის სხეულზე არსებული კვერცხების 96%-ს ანადგურებს. იმავე კვლევით, თუ ოპოსუმის მსგავს სახეობებს შევინარჩუნებთ, ისინი ბუნებრივად მოგვაშორებენ ტკიპებს. – პატრისია ედმონდსი