გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ზოოპარკსა და ველურ ბუნებაში ერთდროულად გამოჩნდა ორი ჟირაფი ლაქების გარეშე.
მონოქრომული ბეწვი
ჩვენ ყველამ ვიცით ჟირაფების დამახასიათებელი თავისებურებები: გრძელი კისერი, რქების მსგავსი შვერილები თავზე, ლაქებიანი ბეწვი, თუმცა, ცოტა ხნის წინ ნამიბიაში, კერძო სანადირო ნაკრძალში, ულაქო ჟირაფი (ზემოთ) დააფიქსირეს. რამდენიმე კვირის შემდეგ კი იმავე შეფერილობის მქონე ცხოველი ტენესის ზოოპარკში დაიბადა. ეს საკვირველი დამთხვევაა, ამბობს სარა ფერგიუსონი, ველური ცხოველების ვეტერინარი და ჟირაფების კონსერვაციის ფონდის ჯანდაცვის კოორდინატორი. ბოლოს სრულიად ყავისფერი ჟირაფი 1972 წელს, ტოკიოს ზოოპარკში დაფიქსირდა. სავარაუდო მიზეზი გენეტიკური მუტაციებია, თუმცა ეს რამე უპირატესობის დაკარგვაზე არ უნდა მიგვანიშნებდეს, ამბობს პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის ბიოლოგი დერეკ ლი, რომლის თანაავტორობით წარმართული კვლევა 2018 წელს გვამცნობდა, რომ ჟირაფის შეფერილობის ზოგიერთი ასპექტი ნაშიერებს დედებისგან გადაეცემათ. არიან თუ არა სრულად ყავისფერი ჟირაფები ჭეშმარიტად ულაქოები? ლის თქმით, ფაქტობრივად ისინი „ერთლაქიანები არიან“. – დინა ფაინ მარონი
მიჰყევი წინამძღოლს

სანაპიროებზე არსებული პლასტმასის ნარჩენები და სინათლის დაბინძურება ხელს უშლის ახალგამოჩეკილ ზღვის კუებს მიაღწიონ ოკეანემდე. ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს კუს ფორმის რობოტი, რომელიც ახალშობილებს უსაფრთხო გზაზე გაუძღვება. – ენი როთი
შეიძლება ხელოვნურ კბილს ორმაგი ფუნქცია ჰქონდეს?

დენტალური იმპლანტი ნამდვილი კბილის როლს ასრულებს, ეხმარება ადამიანებს ჭამაში, ლაპარაკსა და ღიმილში, თუმცა შანხაის თუნგძის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა ამტკიცებს, რომ მას სმენის გაუმჯობესებაც შეუძლია. მათ აღმოაჩინეს, რომ ყბის ძვალი ხმას ისეთივე სიძლიერით გადასცემს შიდა ყურს, როგორც საფეთქლის ძვლის დვრილისებრი მორჩი, რომელსაც ზოგიერთი სმენის აპარატი იყენებს. ამ აღმოჩენამ შესაძლოა ხელი შეუწყოს დენტალური იმპლანტის ფორმის კომფორტული და დამალული სმენის აპარატის შემუშავებას. – ენი როთი