
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
ჰიპ-ჰოპი ყველს აგემრიელებს
შვეიცარიელმა მკვლევრებმა ყველის, „ემენტალერის“ სხვადასხვა თავს სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ჩაურთეს. 6 თვეში, დეგუსტაციისას, აღმოჩნდა, რომ იმ თავს, რომელიც ჯგუფს „A Tribe Called Quest“ „უსმენდა“, უფრო მკვეთრი გემო და არომატი ჰქონდა. ეს კულინარიის ექსპერტებმაც დაადასტურეს.

რატომ ჰქონდათ მებრძოლებს ადამიანის ძვლები
ახალი გვინეის მამაკაცები ოდესღაც კაზუარის ან ადამიანის ძვლებისგან დამზადებული ხმლებით იბრძოდნენ. ანთროპოლოგმა ნათანიელ დომინიმ ორივე სახეობის იარაღის სიმტკიცე გამოსცადა. ფრინველის ძვლისგან დამზადებულ ხმალს იგი „თაიმექსის“ საათს ადარებს, „კარგად მუშაობს, მაგრამ გაფუჭების შემთხვევაში მისი ჩანაცვლება ადვილია“. ადამიანის მენჯის ძვლისგან დამზადებული ხმალი კი „როლექსის საათივით არის – პრესტიჟის და სტატუსის სიმბოლოა და ყველა უფრთხილდება“. – ჯერემი ბერლინი

ფერად-ფერადი ციყვები
ტროპიკული ინდოეთის მკვიდრი ციყვები თავიანთ ნათესავებზე დიდები და მრავალფეროვნები არიან
სამხრეთ ინდოეთის ტყეში მოყვარულმა ფოტოგრაფმა ერთი ჭრელი მღრღნელი შენიშნა. აპრილში მისი ფოტოები ინტერნეტით სწრაფად გავრცელდა და გასაკვირიც არ იყო: ინდოეთის გოლიათი ციყვების წონა ორ კილოგრამს აღწევს, სიგრძე კი თითქმის მეტრს; ევროპული და ჩრდილოეთამერიკული ციყვები მათი ნახევარიც არ არიან. ეს ბეჰემოთები საკვებს ტროპიკულ ტყეებში მოიპოვებენ და მოქნილი თათების და კოჭების წყალობით ექვს მეტრზე შეუძლიათ გადახტომა.
„ჩრდილებისა და მზის სხივების მოზაიკაში ამ გოლიათების ფერადი ბეწვი ერთგვარი კამუფლაჟია“, – ამბობს ჯონ კოპროვსკი, ავტორი წიგნისა „მსოფლიოს ციყვები“. ევოლუციური ბიოლოგი დანა კრემპელსის თქმით კი, „მკაფიო შეფერილობა ევოლუციური ბეწვის ხიდია, რომლებზეც ციყვებმა უნდა გაიარონ“ – თავისიანებმა შეამჩნიონ, მტაცებლებმა კი – ვერა. – ჯერემი ბერლინი