ჰაბლის ზეციური ხედვა
გაშვებიდან 30 წლის შემდეგაც კი, ტელესკოპი აგრძელებს შორეული კოსმოსის
საიდუმლოების ამოხსნას


ჰაბლის ზეციური ხედვა
გაშვებიდან 30 წლის შემდეგაც კი, ტელესკოპი აგრძელებს შორეული კოსმოსის საიდუმლოების ამოხსნას
ტელესკოპი „ჰაბლი“ დაგეგმილზე უფრო დიდი ხანია ფუნქციონირებს და შორეული კოსმოსის ხილვის საშუალებას გვაძლევს.
1990 წელს NASA-მ და ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ტელესკოპი გაუშვეს, რათა სამყაროს სიღრმეები დაეთვალიერებინათ. დედამიწის ატმოსფეროს ზემოთ ტელესკოპის ხილვადობას არც ჰაერი შეუშლიდა ხელს, არც სინათლე და არც – დაბინძურება. მეცნიერების აზრით, ტელესკოპი, საუკეთესო შემთხვევაში, 10 წელს იარსებებდა.
ჰაბლი 30 წლის შემდეგაც განაგრძობს ჩვენს განცვიფრებას. მისი ცნობილი ფოტოების წყალობით, პასუხი გაეცა ასტრონომების ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: რამდენი წლის არის სამყარო? (13,8 მილიარდი წლის) არსებობს თუ არა შავი ხვრელები? (დიახ, თანაც მთელი თავისი მრისხანებით).

კიბორჩხალის ნისლეულის გამოსახულება ტემპერატურის გრადიენტს გვიჩვენებს.
ფოტო: STSCI
1995 წელს ასტრონომ ბობ უილიამსს ერთი თავშესაქცევი იდეა დაებადა: რა მოხდება, თუ NASA ჰაბლს ცაზე არსებული ერთი შეხედვით ბნელი უბნისკენ მიმართავს? ამან ჯადოსნურ აღმოჩენას მისცა დასაბამი: იქ, სადაც ადამიანის თვალი ვერაფერს ხედავს, ათასობით გალაქტიკა არსებობს.

ამ შორეული გალაქტიკების ჯგუფს APR 273 ჰქვია.
ფოტო: NASA/ESA და ჰაბლის მემკვიდრეობის გუნდი (STSCI/AURA)
„ჰაბლის უმთავრესი მიღწევა გახლავთ ის, რომ მან საზოგადოებას სამყაროს საოცრებების ხილვის საშუალება მისცა“, – ამბობს კენეთ სემბახი, კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი, რომლის დაქვემდებარებაშიც გახლავთ ჰაბლის სამეცნიერო პროგრამა.

მომავალ წელს NASA უფრო მაღალი მგრძნობელობის მქონე ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის გაშვებას გეგმავს, მაგრამ ჰაბლის მისია ჯერ არ დასრულებულა. ეს ორი ტელესკოპი ერთად სამყაროს უფრო მკაფიო სურათს მოგვცემს და შეეცდება, ჩვენს მარადიულ კითხვაზე გაგვცეს პასუხი: კიდევ რა არის იქ?




