
ისინი 24 საათი მზად არიან სექსისთვის – წელიწადში ერთხელ
ტყვეობაში მყოფი ცხოველების გამრავლების პროგრამების გლობალური ქსელები ცხოველებს ერთმანეთში ცვლიან და იმედოვნებენ, რომ საფრთხეში მყოფ სახეობებს გაამრავლებენ და გენეტიკურ მრავალფეროვნებას შეუწყობენ ხელს
მამრს სუნდარი ჰქვია; მდედრს – ხუსი. ისინი ახალ ზელანდიაში, უელინგტონის ზოოპარკის წითელი პანდების ჰაბიტატში გააცნეს ერთმანეთს. მიზანი – გამრავლება.
ტყვეობაში მყოფი ცხოველების გამრავლების პროგრამების გლობალური ქსელები ცხოველებს ერთმანეთში ცვლიან და იმედოვნებენ, რომ საფრთხეში მყოფ სახეობებს გაამრავლებენ და გენეტიკურ მრავალფეროვნებას შეუწყობენ ხელს. სუნდარი და ხუსი ერთმანეთს ძალიან კარგად შეეწყვნენ. მიუხედავად ამისა, წითელი პანდის ოჯახის გამრავლება რთული საქმეა, რადგანაც მდედრებს გამრავლების პერიოდი წლის განმავლობაში ერთხელ, ისიც მხოლოდ 24 საათით აქვთ. 2017 წლის ივლისის ერთ დღეს ზოოპარკის პერსონალმა არშიყობის ნიშნები შენიშნა. 17 დეკემბერს ხუსიმ ბელი გააჩინა. მას ნგიმა დაარქვეს, რაც ნეპალურად „ცაში მოკაშკაშე მზეს“ ნიშნავს. ერთ დღეს ნგიმა შესაძლებელია ასევე ჩაერთოს გამრავლების პროგრამაში.
ჰაბიტატი/არეალი
წითელ პანდად, პატარა პანდად ცნობილი Ailurus fulgens-ი ჩინეთში, ინდოეთში, მიანმაში, ბჰუტანსა და ნეპალშია გავრცელებული. ის საცხოვრებლად მთისძირებს, ზომიერი კლიმატის ტყეებსა და ბამბუკის ქვეტყეს არჩევს.
კონსერვაციის სტატუსი
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი წითელ პანდას საფრთხეში მყოფად აფასებს. მისი რიცხვი ბუნებაში 2500-დან 10 000-მდეა. მისი ჰაბიტატი ადამიანის საქმიანობის გამო ფრაგმენტირებული და განადგურებულია. მისთვის საფრთხეს საქონლის მიერ გავრცელებული დაავადებებიც წარმოადგენს.
სხვა ფაქტები
ბჰუტანში სწამთ, რომ წითელი პანდები ბუდისტი ბერების რეინკარნაციას წარმოადგენენ და მათი დანახვა კარგის მომასწავებელი ნიშანია.