
კარგი ნახტომი გადამუშავებისთვის
ჩოგბურთის გადაყრილი ბურთებით გამოწვეული დანაგვიანების შესამცირებლად ძველი ბურთების მასალის ხელახლა გამოყენება დაიწყეს.
წელს აშშ-ის ღია პირველობაზე დაახლოებით 100 000 ახალ ჩოგბურთის ბურთს გამოიყენებენ, რადგან მატჩის დროს ბურთებს რეგულარულად ცვლიან. ისინი საბოლოოდ ნაგავში მოხვდებიან. აშშ-ში ამ ბედს ყოველწლიურად დაახლოებით 125 მილიონი ბურთი იზიარებს.
ამ კაუჩუკის შიგთავსიანი ბურთების გადაყრა გარემოზე მიყენებული ზიანის მხოლოდ მცირედი ნაწილია. ბუნებრივად მოპოვებული კაუჩუკი გაუტყეურებას იწვევს, სინთეტიკური კაუჩუკის შექმნა კი აუარესებს ინდუსტრიულ დაბინძურებას. ნაგავსაყრელებზე მოხვედრის შემდეგ კი ხრწნის პროცესში ნახშირორჟანგს გამოყოფენ.
საბედნიეროდ, ჩვენი პლანეტის დამცველი ორგანიზაციები უფრო მდგრად არჩევანს გვთავაზობენ. 2009 წლიდან საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაცია გამოყენებულ ჩოგბურთის ბურთებს გზავნის გადასამუშავებელ დაწესებულებებში; გადამუშავებულ კაუჩუკს კორტების საფარის დასამზადებლად იყენებენ. აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია RecycleBalls-იც იმავე მიზნით თანამშრომლობს სპორტულ კლუბებთან, დარბაზებთან, მოთამაშეებსა და ნებისმიერ მოქალაქესთან, ვინც 100 ბურთზე მეტს ჩააბარებს. ძველი ბურთების გამოყენების კრეატიული გზებიც არსებობს: შუაზე გაჭრილი ბურთით ქილის სახურავი მარტივად იხსნება. საცურაო აუზში მოტივტივე ბურთების გარსი მზისგან დამცავი ლოსიონების ზეთს იკრავს. ის მშვენიერი სათამაშოა ძაღლებისთვის, თუმცა ხაოიანი ბურთის ხანგრძლივად ღეჭვამ, შეიძლება ცხოველს კბილები დაუზიანოს.