
კატასტროფა რკინიგზაზე
ინფრასტრუქტურისა თუ მატარებლების ტექნიკური გაუმართაობის გამო, ხშირად ხდებოდა კატასტროფები
ტიფლისი-ალექსანდროპოლი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1895 წელს დაიწყო და 1899 წელს დასრულდა. მაგრამ ექსპლუატაციისას ხარვეზები გამოვლინდა. ინფრასტრუქტურისა თუ მატარებლების ტექნიკური გაუმართაობის გამო, ხშირად ხდებოდა კატასტროფები.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 1899 წლის 17 სექტემბერს მოხდა. ყარსი-ტიფლისის რკინიგზაზე მატარებელმა მართვა დაკარგა და ვაგონები ერთმანეთს შეეჯახა. დაზარალებულთა რიცხვმა 39-ს მიაღწია, იყვნენ გარდაცვლილნიც. დაშავებულ მგზავრებს დახმარება მხოლოდ 2 საათის შემდეგ აღმოუჩინეს და ყარსისა და ტიფლისის სამხედრო ჰოსპიტლებში გადაიყვანეს.
ბედის ირონიით, ამ მატარებლით მაღალი რანგის ჩინოვნიკები მგზავრობდნენ, ამიტომ ამ მოვლენას დიდი რეზონანსი მოჰყვა. კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო, რომელშიც საგანგებოდ ჩართეს ყარსი – ტიფლისის სარკინიგზო ხაზის პროექტის ავტორი ევგენი ვურცელი, რკინიგზის ინჟინრები და ექსპერტები.