ხეხტუნიები
ტროპიკულ ტყეებში შენიღბვის ოსტატები - მოულოდნელობებით აღსავსე ციცქნა ურჩხულები


ხეხტუნიები
ტროპიკულ ტყეებში შენიღბვის ოსტატები - მოულოდნელობებით აღსავსე ციცქნა ურჩხულები
მსოფლიოში ყველაზე უცნაურ მწერთა კონკურსი რომ ეწყობოდეს, Membracidae-ს ოჯახის ჭიჭინობელებს პირველ ადგილზე გასვლის რეალური შანსი ექნებოდათ. ეს რა უცნაური წარმონაქმნები ამოზრდიათ სხეულიდან?
ექსტრავაგანტური გამონაზარდები ბევრ მათგანს ამკობს – Bocydium-ის გვარის წარმომადგენლის შვეულმფრენის პროპელერისმაგვარი „რქები“ ამის თვალსაჩინო მაგალითია. ზოგი ჭიჭინობელა უფრო მოკრძალებული შესახედაობისაა და თავს ეკლად, ფოთლად ან მწერის განავლად ასაღებს. ნამცვრევის წამბაძველი სახეობებიდან ორმოციოდეს მეცნიერული სახელწოდება მინიჭებული აქვს, 700-ზე მეტი კი დღემდე კლასიფიკაციის მოლოდინშია.

მწერთა ანატომიის სპეციალისტები გვიხსნიან, რომ ეს უჩვეულო ფორმები ჭიჭინობელას ზურგის ფარის საგანგებო სახეცვლილებებია – პრონოტუმად წოდებული ნაწილისა, რომელიც სხვა მწერებში საომარი ფარის მოყვანილობის მცირე დაფას წააგავს, მაგრამ Membracidae-ს ოჯახის ჭიჭინობელები სანათესაოში შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევიან და მათი ზურგის ფარიც მკვეთრად ინდივიდუალური, გროტესკული შვერილების თუ ხვეულების სახით გვევლინება.
ინგლისურ ენაში ხეზე ხტუნიებად (treehoppers) ცნობილი ეს ციცქნა მწერები ხეებსა და მცენარეებზე ბინადრობენ. აღწერილი 3200 სახეობიდან თითქმის ნახევარი ამერიკის ტროპიკულ ზონებში გვხვდება.

ხე-ხტუნიები ნახევრადხეშეშფრთიანთა დიდ და მრავალფეროვან რიგს მიეკუთვნებიან, რომელიც ასევე მოიცავს ჭიჭინობელებს Cicadellidae-ს ოჯახიდან და ნამდვილ, იმავე მგალობელ ჭიჭინობელებს (Cicadidae-ს ოჯახიდან). ამ რიგის წარმომადგენლები აღჭურვილნი არიან პირის აპარატით, რომელიც მცენარის ღეროში შეღწევასა და მასში არსებული წვენის შესრუტვაზეა ადაპტირებული. კოღოების მსგავსად, მათაც ორი ურთიერთგადაჯაჭვული, ნემსისებრი საკვები მილი აქვთ, რომელთაგან ერთი სითხის შესაწრუპად გამოიყენება, მეორე კი წვენის შედედების საწინააღმდეგო მოქმედების ნერწყვს გამოყოფს.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.
National Geographic-ის უფროსი ჟურნალისტი დუგლას მეინი ხან დიდ ცხოველებზე მოგვითხრობს, ხანაც – მომცროებზე. ხავიერ აზნარ გონსალეს დე რუედა კი, ძირითადად, ადამიანების უმრავლესობისათვის უხილავი, პაწაწინა არსებების სამყაროს აღბეჭდვაზე მუშაობს.