
ხმის სისტემა
ფიჭვის გირჩა ძვლის გადამტვრევის ხმას ქმნის. საბავშვო ანიმაციურ ფილმში „ფერდინანდი“ ზღარბის მთიდან ჩამოგორების ხმის ეფექტი როშმა და მისმა გუნდმა გირჩაზე სავარცხლის დასმით შექმნა
რა იქნებოდა საშინელებათა ფილმი ბოროტი ღრჭიალის გარეშე? ხმის ეფექტი, ე.წ. ფოლი (ამ პროცესის გამომგონებლის, ჯეკ ფოლის პატივსაცემად), გადამწყვეტ მნიშვნელობას სძენს ფილმს. ხმის ეფექტის სპეციალისტის, ჯონ როშის თქმით, „მთავარი გამოწვევა გამოსახულებასთან სინქრონიზებული დამაჯერებელი ეფექტის შექმნაა“. გამოსახულებას ჯერ სიჩუმეში უყურებს. „ხმა გონებაში მესმის“, ამბობს როში. შემდეგ ის კალიფორნიაში, მარინ-ქაუნთის სტუდია სკაიუოკერ-საუნდში კოლეგებთან, შელი როდენთან და სკოტ კერტისთან ერთად, უამრავი ხელსაწყოთი ცდილობს ამ ყველაფრის გამეორებას. ყინულზე სრიალის ხმისთვის ბეტონზე წრიაპებს ახოხებს. როშის თქმით, სიუჟეტის დაძაბვისას სველი ზამშის გაწურვა თმას ყალყზე დაგიყენებთ.
1. გირჩა
ფიჭვის გირჩა ძვლის გადამტვრევის ხმას ქმნის. საბავშვო ანიმაციურ ფილმში „ფერდინანდი“ ზღარბის მთიდან ჩამოგორების ხმის ეფექტი როშმა და მისმა გუნდმა გირჩაზე სავარცხლის დასმით შექმნა.
2. შოლტი
მათრახმა იდეალური ხმა გამოსცა, როდესაც ფილმში „დამოუკიდებლობის დღე“ უცხოპლანეტელი ფანჯარას მიენარცხა.
3. დეზები
1985 წლის ფილმისთვის „სილვერადო“ „დასავლური პეწი“ რომ მიეცათ, გამხმოვანებლებმა დეზები გამოიყენეს.
4. აუდიოფირი
ბალახზე სიარულის ხრაშუნის ხმის იმიტაციისთვის სპეციალისტები ფირს იყენებენ.
5. საბავშვო ფეხსაცმელი
ამ პატარა რეზინის ფეხსაცმელმა მინიონების ფეხის ხმა შექმნა ანიმაციური ჰიტისთვის „საზიზღარი მე 3“.
6. ძვლის ფრაგმენტი
მულტფილმისთვის „მოანა“ ფოლის გუნდმა მაუის ძვლის ყელსაბამის ხმის შესაქმნელად ძვლის ნატეხები გამოიყენა.
7. პალაში
ამ იარაღის ხმა ფილმში „მამაცი გული“ ხმლების ძალაზე აკეთებდა აქცენტს.
8. შანდალი
2018 წლის სუპერგმირების ბლოკბასტერში მთავარ პერსონაჟს გამოგონილი მეტალის, ე.წ. ვიბრანიუმის კოსტიუმი აცვია. ხმის შესაქმნელად როშმა რამდენიმე რეკვიზიტი, მათ შორის შანდალი და დაგრეხილი ძალაყინი გამოიყენა.
9. ხმაბაძვითი ყუთი
ერთსიმიანი ინსტრუმენტით ხმის ეფექტები შეიქმნა 1988 წლის კომედიისთვის „ვინ დაასმინა კურდღელი როჯერი?“ ინსტრუმენტზე ხმის სხვა რეკვიზიტები დევს (ბაგისმიერი არფა, კამერტონი, სანთებელა, თითბრის თასი, თითბრის ბზრიალა).