
კირხე
საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანელი კოლონისტების დიდი ნაწილი მტრად შერაცხა და გადაასახლა.
XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველის ბრძანებით საქართველოში გადმოსახლებულმა გერმანელებმა არაერთი დასახლება დააარსეს, მათ შორის ხუთი ტფილისსა და მის შემოგარენში. რუსეთის იმპერია შრომისმოყვარეობით გამორჩეულ გერმანელ კოლონისტებს ეკონომიკური დარგების განვითარების სანაცვლოდ უფასო მიწებს, სამხედრო ვალდებულებისა და გადასახადებისგან განთავისუფლებას, საკუთარ სათემო და სასკოლო მმართველობის უფლებას დაპირდა. მნიშვნელოვანი იყო რელიგიური თავისუფლება, რამაც გერმანელ კოლონისტებს საშუალება მისცა, საქართველოში ლუთერანული სამრევლოები დაეარსებინათ.
1893 წლის 19 სექტემბერს ნოიტიფლისის დასახლებაში, მიხეილისა და კირკის (გერმ. „კირხე“) ქუჩის კუთხეში, იმპერიისა და გერმანული თემის დაფინანსებით საფუძველი ჩაეყარა წმ. პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესიის – კირხეს მშენებლობას. არქიტექტორ ოტო სიმონსონის მიერ დაპროექტებული ნაგებობის მშენებლობას ხუროთმოძღვარი ლეოპოლდ ბილფელდი გაუძღვა.
მოგვიანებით ეკლესიასთან ზოგადსაგანმანათლებლო გერმანული გიმნაზია გაიხსნა, რომელიც ტფილისელ ინტელიგენციაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანელი კოლონისტების დიდი ნაწილი მტრად შერაცხა და გადაასახლა. დაიხურა ეკლესიაც, რომელიც 1940-იან წლებში ხელისუფალთა ბრძანებით გერმანელ ტყვეებს დაანგრევინეს.