
კლიმატი VS. მოთხოვნილება
საყვარელი საკვები – მისი მოყვანისა და მოხმარების წესიც – გლობალურმა დათბობამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს
საკვების მოყვანა საუკეთესო პირობებშიც რთულია. ხოლო კლიმატის ცვალებადობის, წყალდიდობებისა და გვალვების ფონზე საკვების ეს მთელი სისტემა სრულიად ირღვევა. „საკვების სისტემას კლიმატის ცვლილების საფრთხე ემუქრება, სტრატეგიები კი ბევრი არ გვაქვს“, – ამბობს მაიკლ პუმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტიდან.
რა მოხდება თეფშებზე? გლობალურ პროდუქტებს, სიმინდსა და ხორბალს ცვლილება შეეხება. გაეროს თქმით, ადაპტაციის სტრატეგიის გარეშე, მცირემოსავლიანობა გამოიწვევს საკვების დეფიციტს, ფასების ზრდას, რაც ნეგატიურად აისახება განვითარებად ტროპიკულ ქვეყნებზე. ფოტოზე მოცემული პროდუქტები იერსახეს და კვებით ღირებულებას შეიცვლის და ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება. ხანგრძლივი სეზონი კარგია, მაგრამ წვიმისა და სიცივის ნაკლებობამ მცენარეების ზრდა შეიძლება შეაფერხოს.
ინოვაცია საკვების ევოლუციის ნაწილი გახდება. სელექციისა და გენმოდიფიცირების წყალობით ზოგიერთი მცენარის სწრაფად გაზრდაა შესაძლებელი მოსალოდნელი წყალდიდობის ან გვალვის თავიდან ასაცილებლად. სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით კი საკვები სამაცივრე პირობებს არ საჭიროებს.
გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებით, 2050 წლამდე სახნავი მიწა მნიშვნელოვნად არ შემცირდება და საკვების მხოლოდ რამდენიმე სახეობა გაუჩინარდება, თუმცა მომდევნო ათწლეულებში მცენარეული კულტურები და კვების რაციონი შეიცვლება. ნიდერლანდებში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, Climate Focus-ის დირექტორის, შარლოტ სტრეკის თქმით, იმისთვის, რომ რჩეული საკვები შევინარჩუნოთ, მისი ჭკვიანურად მოხმარება უნდა ვისწავლოთ. ეს ნიშნავს ნაკლებ ხორცს, მეტ მცენარეს და ადგილობრივ პროდუქციას.
