
ლესლი დეუანი
უფრო უსაფრთხო, იაფი, მწვანე. ესაა ატომური ენერგიის მისეული ხედვა.
34 წლის ლესლი დეუანი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ატომური ენერგიის საწყისებს იკვლევს. ბირთვულ ენერგიაში დოქტორის ხარისხის მქონე National Geographic-ის დამწყებ მკვლევარს სურს გააცოცხლოს გამდნარ მარილზე მომუშავე ბირთვული რეაქტორი, რომლის დიზაინიც 1960-იან წლებში გამოიგონეს. იმედოვნებს, რომ ეს რეაქტორი ნახშირბადისგან თავისუფალ ბირთვულ ენერგიას მოგვცემს, რომელიც ნახშირზე იაფი იქნება.
დეუანმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულ მარკ მესისთან ერთად, დიზაინი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მასალებით განაახლა, რაც უსაფრთხოების პარამეტრებს ინარჩუნებს და ხარჯებს ამცირებს.
დღევანდელი მოდელებისაგან განსხვავებით, გამდნარ მარილზე მომუშავე რეაქტორი საწვავად თხევადი ურანის მარილს იყენებს, რაც ბირთვული რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ამოღებას აადვილებს. ავარიის შემთხვევაში ნაკლები საშიშროებაა იმისა, რომ სადგურმა რადიაცია გამოაფრქვიოს, რადგანაც რეაქტორი ატმოსფერულ წნევაზე მუშაობს. ტრადიციულ ბირთვულ რეაქტორებთან შედარებით, ის საწვავის ნახევარს მოიხმარს და ნახევარზე ნაკლებ ნარჩენებს გამოიმუშავებს.
დეუანი და მესი იმედოვნებდნენ, რომ რეაქტორს თვითონ ააშენებდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ მათ მიერ დაფუძნებულ მცირე კომპანიას ამის საშუალება არ ჰქონდა. ამიტომ თავიანთი დიზაინი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადეს.