
ლუდის ძვალი
შესაძლოა, ბაგაზა ძვლის პროთეზის გარე ფენებისთვის, ძვლის ტრანსპლანტატებისა და ორთოდონტული იმპლანტებისთვისაც შეუცვლელი გახდეს
ლუდის გამოხდის შემდეგ რჩება კალციუმით, მაგნიუმითა და ფოსფორით მდიდარი ბოჭკოვანი ორგანული ნარჩენი (ე.წ. ბაგაზა). მეტწილად, სწორედ ეს ელემენტები შედის ძვლის შემადგენლობაში.
ესპანეთის ბიო-მედიცინის ტექნოლოგიის ცენტრის (Universidad Politécnica de Madrid (UPM) მეცნიერთა ჯგუფი, კვლევებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ლუდის ნარჩენი პროდუქტების გამოყენებით, შესაძლებელია ძვლის ტრანსპლანტატების შექმნა. ბაგაზას ბოჭკოებს (რომლის ფორების დიამეტრი ძვლის ფორების დიამეტრის ტოლია და 50-500 მიკრონია), შესაძლოა, ძვლის სტრუქტურა მიეცეს და დაზიანებული ძვლის განახლებისთვის ბრწყინვალე ბაზა შეიქმნას. ეს კი, UPM-ის ჯგუფის ხელმძღვანელის, ედუარდო საეზ როხოს თქმით, ოსტეოპოროზის მკურნალობის ალტერნატიულ, უსაფრთხო, მავნე ნივთიერებებისგან თავისუფალ და, რაც მთავარია, იაფ საშუალებას იძლევა (ბაგაზა ხომ “ულევი” რაოდენობით იყრება სამყაროში). შესაძლოა, ბაგაზა ძვლის პროთეზის გარე ფენებისთვის, ძვლის ტრანსპლანტატებისა და ორთოდონტული იმპლანტებისთვისაც შეუცვლელი გახდეს.