მესიის კომპლექსი
ეს ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას განასახიერებენ. მათი მიმდევრები ეთანხმებიან
მესიის კომპლექსი
ეს ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას განასახიერებენ. მათი მიმდევრები ეთანხმებიან
„ჰო, მე მოვალ მალე!“
ყოველთვის მხიბლავდა ციტატა ბიბლიიდან, რომელიც იესო ქრისტეს მოსვლას წინასწარმეტყველებს. როდის არის ეს `მალე?“ და ვის გულისხმობს `მე“? უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, თვალყურს ვადევნებდი შვიდი ადამიანის საქმიანობას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იესოს მეორედ მოსვლას განასახიერებენ (ხუთი მათგანი აქ არის ნაჩვენები) და შევეცადე შემექმნა ფოტოები, რომლებიც ასახავს ადამიანის მისწრაფებას რწმენის, დანიშნულებისა და ხსნისკენ.
რელიგია, ცოტა არ იყოს, ამოუცნობია ჩემთვის, შესაძლოა იმიტომ, რომ ეკლესიური სულისკვეთებით არ აღვზრდილვარ ნორვეგიაში. მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობდი ბიბლიას. მუდმივად ვუბრუნდებოდი ამ იდუმალ სიტყვებს – პირობას, რომლის შესრულებას თითქმის 2000 წელი ელოდა საქრისტიანო. გადავწყვიტე, მესიები მომეძებნა.
მე ისინი Google-ში მოვძებნე. ბევრს შეიძლება ეწოდოს წინასწარმეტყველი, გურუ ან სულიერი ლიდერი, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც მე მინიმალურ კრიტერიუმებად მივიჩნევ, კერძოდ: მუდმივი გამოცხადებები, ხანგრძლივი კარიერა და მიმდევრების არსებობა.
თითოეული ეს ადამიანი უნიკალურია ისევე, როგორც მათ გარშემო არსებული საზოგადოება. ადამიანთა უმეტესობისთვის ღვთის რწმენა აბსტრაქტული თემაა. მაგრამ ამ მიმდევრებისთვის, რომელთა უმეტესობა მაღალინტელექტუალურია და არც ერთი არ არის იდეოლოგიურად დამუშავებული ან გიჟი, რწმენა სრულიად რეალურია. მათ შეუძლიათ შეეხონ საკუთარ მესიას.
სადაც მივდიოდი, ყველგან ვცდილობდი შემენარჩუნებინა საღი აზრი და შემესწავლა მათი რეალობა. განსაკუთრებით მაინტერესებდა, თუ რამდენად თანმიმდევრული არიან ეს მესიები. ახალი აღთქმა ხომ ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებითაა სავსე, თითოეული მესიის მონათხრობის მიხედვით კი, გასაგები ხდება ეს შეუსაბამობები.
ბევრი აქ ნახსენებ მესიებს თვითმარქვია და ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს უწოდებს. თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აბრაამისეული რელიგიების ძირითადი ნაწილი – იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი – ქადაგებს მეორედ მოსვლას. ეს რელიგიები, შეიძლება, განსხვავებულია იდენტურობისა და ქრონოლოგიის მიხედვით, მაგრამ ვფიქრობ, მათ ერთი საერთო წინაპირობა აქვთ. ასე რომ, თუ ეს ვინმესთვის მისაღებია, რატომ არ შეიძლება ეს „ვინმე“, რომელიმე ხსენებულთაგანი იყოს?