
მიხეილ ვორონცოვის ძეგლი
XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტფილისში, კავკასიის პირველი მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის ძეგლი აღიმართა.
მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკის ინიციატივით ტფილისის ერთ-ერთ მოედანზე მაშინ უკვე გარდაცვლილი მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის ქანდაკების დადგმა გადაწყდა. მოსახლეობის უმრავლესობას ძეგლის დადგმა თავად მ. ვორონცოვის მეოხებით აგებული “მიხეილის ხიდის” გადაღმა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ პატარა მოედანზე სურდა.
ქანდაკებისთვის ქართულმა საზოგადოებამ 36 000-ზე მეტი რუბლის შეგროვება მოახერხა. მისი შექმნა სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის პროფესორ ნ. პიმენოვს მიანდეს, თუმცა მოქანდაკე მალევე გარდაიცვლა და სკულპტურა მისმა მოწაფემ, მხატვარმა ვ. კრეიგანმა დაასრულა.
ქანდაკება ბრინჯაოში 1866 წელს, სანქტ-პეტერბურგში, კალუგინის სახელობის ქარხანაში ჩამოასხეს. ძეგლი პეტერბურგიდან ტფილისში ფოთის გავლით, გემით ჩამოიტანეს და არქიტექტორ ო. სიმონსონის ხელმძღვანელობით ალგეთის ქვისგან დამზადებულ კვარცხლბეკზე აღმართეს. 3 მეტრის სიმაღლის მონუმენტი ქვემეხებითა და ჯაჭვებით იყო შემოზღუდული.
ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა 1867 წლის 25 მარტს. მოვლენა მიეძღვნა ვორონცოვის ტფილისში მეფისნაცვლის რანგში ჩამოსვლის 22 წლისთავს. ძეგლის კურთხევის შემდეგ მაღალჩინოსნებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მნიშვნელოვანი მოვლენა დიდი წვეულებით დასრულდა, რომელიც ალექსანდრეს ბაღსა და მეფისნაცვლის სასახლეში გაიმართა. 1922 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მიხეილ ვორონცოვის ძეგლი აიღეს. სახელი გადაერქვა პატარა მოედანსაც, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ატარებდა ვორონცოვის სახელს.