ყვითელი ყვავილების მდელოზე კვერცხისმაგვარი სფეროები ამოზრდილა. ეს უჩვეულო ყვავილობა შვარცვალდის ეროვნული პარკის მიკროსკოპული სოკოების სამყაროს გვიჩვენებს.
„ეს სოკო დამპალი ხის ნაჭერზე ვიპოვეთ“, – ამბობს ფოტოგრაფი ოლივერ მეკესი. „შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ მისი ჰიფების ბეწვებს თუ ვხედავდით“, მაგრამ მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპით მეკესი უკვე არჩევდა სოკოს (Resinicium bicolor) სხვადასხვა სპორას: ერთს მრგვალს, მეორეს კი – ვარსკვლავის ფორმისას. ამ სოკოს ლათინური სახელწოდება მისი ორი ფერით არის განპირობებული.
მეკესმა და ბიოლოგმა ნიკოლ ოტავამ კვლევაში პარკის გამოცდილი რეინჯერები ჩართეს ნიადაგის შების ასაღებად და ყველაზე საინტერესო სოკოების, ფესვებისა თუ შეუიარაღებელი თვალით უხილავი მიქსომიცეტების გამოსავლენად. მეცნიერებსა და რეინჯერებს მორიგი აღმოჩენის ხილვისას განუწყვეტლივ გაოცების შეგრძნება ეუფლებოდათ. „ჩვენ სულ ვფიქრობდით, რომ ყველაფერი ვიცოდით სასიცოცხლო ციკლებსა და იმის შესახებ, თუ რა ემართება ხეს, როდესაც ის წაიქცევა და ლპობას იწყებს, – ამბობს მეკესი, – მაგრამ აღნიშნულ სტატიაზე მუშაობისას შევიტყვეთ საოცრად კომპლექსური პროცესების შესახებ, რომლებშიც ურიცხვი არსება მონაწილეობს! ამ ყველაფრის დიდი ნაწილი კი მიკროსკოპულ დონეზე ხდება“.

1995 წლიდან მოყოლებული, გერმანიაში მცხოვრებმა ოლივერ მეკესმა და ნიკოლ ოტავამ თავიანთი კვლევითი საქმიანობა მიკროსკოპულ სამყაროთა ფოტოგრაფიულ შესწავლას მიუძღვნეს.