მისი სახელობის ქუჩები
მისი სახელობის ათასზე მეტი ქუჩა არსებობს. მისი მკვლელობიდან 50 წელი გადის და გვაინტერესებს, თუ როგორ ასახავს ეს ქუჩები სამოქალაქო უფლებების დაცვის სიმბოლოდ ქცეული კინგის ღირებულებებსა და სწავლებას?


მისი სახელობის ქუჩები
მისი სახელობის ათასზე მეტი ქუჩა არსებობს. მისი მკვლელობიდან 50 წელი გადის და გვაინტერესებს, თუ როგორ ასახავს ეს ქუჩები სამოქალაქო უფლებების დაცვის სიმბოლოდ ქცეული კინგის ღირებულებებსა და სწავლებას?
მარტინ ლუთერ კინგ უმცროსი 1968 წელს მოკლეს. ზუსტად სამ კვირაში მაინცის საქალაქო საბჭომ ერთ-ერთ ქუჩას სამოქალაქო უფლებათა დაცვის ამ წინამძღოლის სახელი დაარქვა. გერმანიაში ეს რამდენიმე დღეში მოხდა, კინგის მშობლიურ ქალაქ ატლანტაში კი – მხოლოდ რვა წლის შემდეგ. კინგის მკვლელობის ადგილას, მემფისშიც (ტენესი) დაერქვა ქუჩას მისი სახელი, თუმცა აღნიშნული მოვლენიდან მხოლოდ 40 წლის შემდეგ.

კინგის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე აშშ-ში მისი მხარდაჭერის რეიტინგი 33%-საც არ აღემატებოდა. მიზეზი, სავარაუდოდ, რასიზმი და ბევრი თეთრკანიანი ამერიკელის დისკომფორტი იყო, რომელსაც ეკონომიკური სამართლიანობისკენ მიმავალი კინგის რადიკალური გეგმები იწვევდა. მისი პოპულარობა ყოველ ათწლეულში მატულობს და ეს მაშინ, როდესაც ჩვენი გადმოსახედიდან კინგის იდეები უფრო და უფრო ბუნდოვანი მოჩანს. დღეს, მისი გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, ამერიკელების 90% კინგის მიმართ დადებითადაა განწყობილი.
აშშ-ში, სულ ცოტა, 955 ქუჩა ატარებს კინგის სახელს. ბევრი მათგანი ღარიბ უბნებშია, მაგრამ სტერეოტიპი, რომ ყველა ეს ქუჩა გაუბედურებულ და უსიცოცხლო რაიონში მდებარეობს, გადაჭარბებულია.
მემფისში, ქალაქში, სადაც კინგი მოკლეს, სიღარიბის დონემ ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს გაუსწრო. 1971 წელს ინიციატივა, რომ ქალაქის ქუჩას კინგის სახელი დარქმეოდა, ჩავარდა. 2012 წელს გეგმა საქალაქო საბჭოს წევრმა, ბერლინ ბოიდმა აღადგინა – ამჯერად მცდელობამ გაამართლა.

მ.ლ. კინგ უმცროსის სამკილომეტრიანი გამზირი ერთ-ერთი უკანასკნელი ქუჩაა,რომელზეც კინგმა გაიარა. 1968 წლის 28 მარტს მაშინდელ ლინდენის გამზირზე კინგი ათასობით ადამიანს მიუძღოდა მერიისკენ. ის პროფკავშირების მოწინააღმდეგე და სეგრეგაციის მომხრე მერს – ჰენრი ლოებს უნდა შეხვედროდა პირისპირ. ლოები უარს აცხადებდა სანიტარიული სამსახურის გაფიცულ შავკანიან თანამშრომლებთან მოლაპარაკებაზე. მარში ძალადობით დასრულდა. 3 აპრილს კინგი კვლავ დაბრუნდა ქალაქში იმის დასამტკიცებლად, რომ შეეძლო მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარება.
იმ ღამეს კინგი გამოვიდა სიტყვით – „მე მთის მწვერვალზე ვიყავი“, მომდევნო დღეს კი მოტელის აივანზე მდგარს ესროლეს. დღეს მემფისი ცდილობს, პატივი მიაგოს კინგის მსხვერპლშეწირვას.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.