
მიწას თხრიან და ერთმანეთს ბურღავენ
მაჩვები მილიონობით ტონა მიწას თხრიან თავიანთი სორო-ლაბირინთის ასაგებად. ზოგი თავის გვირაბს საუკუნეების წინ, წინაპრის მიერ გათხრილ სისტემას უერთებს
“სექსზე შეშლილები!” – ვკითხულობთ ბრიტანულ გაზეთ „დეილი-მეილის“ ჰედლაინს. სტატიაში შეფილდის მოსახლეობა გვიანი ღამის ვნებიანი და ხმაურიანი პაემანების გამო ჩივის.
განა მარტო სექსი, ევრაზიული მაჩვები სახლებსაც დიდი ხმაურით აშენებენ: გვირაბიანი სისტემის თხრისას, შეიძლება გაანადგურონ გაზონები, ძირი გამოუთხარონ შენობებს.
მაჩვები მილიონობით ტონა მიწას თხრიან თავიანთი სორო-ლაბირინთის ასაგებად. ზოგი თავის გვირაბს საუკუნეების წინ, წინაპრის მიერ გათხრილ სისტემას უერთებს. აპარტამენტებში რეგულარულად ცვლიან ფოთლოვან ქვეშაგებს, რომელსაც შეჯვარებისთვის იყენებენ. მათ ძალიან ხმაურიანი სექსი აქვთ. 1996 წელს გამოცემულ წიგნში „მაჩვები“ ასეთ რამეს ვკითხულობთ: „ დერბიშირის ეკლესიის ქვეშ მაჩვებმა სიყვარულის ბუდე გათხარეს და მწუხრის ლოცვების დროს ერთობ უცნაური ხმები იქცევს ყურადღებას”.
„მდედრებს შეუძლიათ ემბრიონი „გარკვეული ანაბიოზის“ მდგომარეობაში ამყოფონ და საშვილოსნოში მისი იმპლანტაცია თვეობით გადადონ, – ამბობს ექსეტერის უნივერსიტეტის ბიოლოგი დეზ დელაი, – შედეგად, მაჩვებს მთელი წელი შეუძლიათ შეწყვილდნენ და ხელსაყრელი დრო შეარჩიონ მემკვიდრის გასაჩენად“.