ჩილეში, ატაკამის უდაბნოში დაახლოებით 46 000 ტონა ტანსაცმელია დახვავებული. „ეს ფოტო 2022 წლის მაისში გადავიღე. მასზე გამოსახულია ნარჩენებზე მდგარი თავდახრილი ახალგაზრდა. საავადმყოფოში მუშაობის პარალელურად იგი აქაც მოდის და ბაზრობაზე გადასაყიდად დაეძებს ტანსაცმელს, მაგალითად, Nike-ის ან Adidas-ის ბრენდისას“, – გვიხსნის მერინო.
თუ ვინმეს მიაჩნია, რომ რეგიონს განგრენად მოდებული და მოსახლეობის შემხუთავი დაბინძურების დოკუმენტირება იოლი საქმეა, ძალიან ცდება. „ჟურნალისტ ჯონ ბარტლეტთან ერთად შუამავლის აყვანა დაგვჭირდა, ვინაიდან ტანსაცმლის მთავარი ნაგავსაყრელი იზოლირებულ და ძალიან საშიშ ზონაშია, სახელად ელ-მულა, რომელსაც ვენესუელური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ელ-ტრენ-დე-არაგუა აკონტროლებს“, – გვიხსნის ფოტოჟურნალისტი და გვიამბობს, რომ ბანდის მიერ ჩატარებული ჩხრეკების დროს ზედმეტი ყურადღებისა და პრობლემების თავიდან ასარიდებლად ძველი, ჭუჭყიანი მანქანით იმგზავრეს და ფოტოაპარატი გადამალეს.
„კადრში გარემოს კატასტროფული დაბინძურების შედეგი მკაფიოდ ჩანს. იმედი მაქვს, ჩემი ფოტოები ამ მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში წვლილს შეიტანს“. ფაქტია, რომ „სწრაფი მოდის“ ნარჩენების დაშლას საუკუნეები დასჭირდება.

წარმოშობით კოლუმბიელი ტამარა მერინო ჩილეში ცხოვრობს, National Geographic-ის მკვლევარია და სოციოკულტურულ თემებზე მუშაობს. მისმა ნამუშევრებმა მრავალი ჯილდო მიიღო და ცნობილ ჟურნალებში ქვეყნდება.
ფოტო: როდრიგო ჩოდილი