
მრავალფეროვანი სამყარო
ჩვენი ნომრის მთავარი თემა – „ორ სამყაროს შორის“ – National Geographic Magazine-ის ბულგარეთის გუნდმა მოამზადა და იმ გასაოცარ ტრადიციას გვაცნობს, რომელმაც მე ჩვენი ბერიკაობა გამახსენა და რომელიც, როგორც ბულგარელებს სწამთ, ადამიანურ და სულიერ სამყაროებს აერთიანებს ბოროტების დასამარცხელბად.
ჩვენი ჟურნალის ივნისის ნომერი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა ნომრის გამაერთიანებელი ხაზი ხალხებსა და კულტურებს, ტრადიციებსა და რიტუალებს გასდევს: რუბრიკაში „თვალსაჩინო“ წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის, მინდია მიდელაშვილის ნამუშევრებს, რომლებიც მან აფრიკაში, ომოს ხეობაში მოგზაურობისას გადაიღო. ფოტოგრაფი გვაცნობს აფრიკული ტომების წარმომადგენლებს, მათ არაჩვეულებრივ კულტურასა და ჩვენთვის უცხო ტრადიციებს. ტიმ ვერნიმენი თავის ესეიში „რიტუალებით მოპოვებული სიმშვიდე“ მოგითხრობთ იმაზე, თუ რა უდევს საფუძვლად ამა თუ იმ რიტუალს და როგორ გვეხმარება საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ქცევები საფრთხის არიდებასა თუ სიმშვიდის მოპოვებაში. ჩვენი ნომრის მთავარი თემა – „ორ სამყაროს შორის“ – National Geographic Magazine-ის ბულგარეთის გუნდმა მოამზადა და იმ გასაოცარ ტრადიციას გვაცნობს, რომელმაც მე ჩვენი ბერიკაობა გამახსენა და რომელიც, როგორც ბულგარელებს სწამთ, ადამიანურ და სულიერ სამყაროებს აერთიანებს ბოროტების დასამარცხელბად. გაგაცნობთ ასევე იტალიის თვალწარმტაც საპორტო ქალაქ ტრიესტს და მოგიყვებით მაიას ტომისა და მენონიტების კონფლიქტის შესახებ, თუმცა ივნისის ნომერში თქვენ ასევე იხილავთ სტატიას, რომელსაც ჩვენ „კლასიკურ National Geographic“-ს ვუწოდებთ. მისი მომზადება უდიდეს პროფესიონალიზმთან ერთად უკიდურეს თავზეხელაღებულობას მოითხოვდა ავტორებისგან. ჩვენი გუნდი მძვინვარე ნაკადებს შეება ჰორნის კონცხზე დედამიწის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ხის საპოვნელად. დიახ, „სამხრეთ ამერიკის ქვემო წვერზე, მუხანათური წყლების თავზე, იქ, სადაც წყნარი და ატლანტის ოკეანეები ერთმანეთს ხვდებიან, შვიდი ხე იზრდება“…
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic Magazine – საქართველოს.