2006 წელს ბალაჟ გარდი პირველად ეწვია გარმსირს, რომელიც ჰილმენდის პროვინციაში (ავღანეთი) მდებარეობს. მაშინ იქ მძიმე ბრძოლები იწყებოდა კოალიციის ჯარებსა და თალიბანს შორის. გარდი თან ახლდა საგუშაგოსთან განლაგებულ ბრიტანეთის ჯარს. ისინი ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ თალიბანის რაკეტებისა და ტყვიებისთვის. 16 წლის შემდეგ გარდი მეორედ ესტუმრა გარმსირს და, ამჯერად, მას სრულიად სხვა ტიპის გამცილებელი დახვდა.
ფოტოგრაფის მეგზური თალიბანის ყოფილი მებრძოლი გახლდათ. გარდიმ ისტორიულ ძეგლებზე ჰკითხა და მეგზურიც ამირ აღას ტაძრისკენ გაუძღვა. „ამ ადგილას ყველაფერი ზებუნებრივი ჩანდა, – ამბობს გარდი, – იქაურობას ყველაზე გასაოცარ შტრიხს სძენდა უძველესი, დაკოჟრილი ხეები“. როდესაც ფოტოს გადასაღებად მოემზადა, კადრში ვირზე შემომსხდარი აბედა და მისი უმცროსი ძმა გამოჩნდნენ. „აბედა საკმაო ხნით შეჩერდა და ცნობისმოყვარე, თუმცა მრისხანე გამომეტყველებით მომაშტერდა“.
შემდეგ გარდი თალიბანის წევრებმა დააკავეს, ედავებოდნენ, რომ მას ვიზიტორის ნებართვა არ ჰქონდა. ადგილობრივ მთავრობასთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ თალიბებმა იგი გაათავისუფლეს. „ამ პროცესის დასრულებას ვუცდიდი და თან მეფიქრებოდა, რამდენი ხანია დარჩენილი იქამდე, სანამ ეს ადგილი კვლავ ჩაიკეტება უცხოელებისთვის“ – ამბობს გარდი.

უნგრეთში დაბადებული და აშშ-ში მცხოვრები ბალაჟ გარდი იკვლევს ადამიანისგან გამოწვეულ იმ მიზეზებს, რომლებიც ემუქრება კაცობრიობის არსებობას. იგი დაჯილდოებულია ავღანეთის კონფლიქტის გაშუქებისთვის.
ფოტო: ჯეისონ მოტლაგი