
მზერა პრაიდისკენ
ლომები განსხვავდებიან შინაური კატებისაგან, რომლებსაც მარტო შეუძლიათ ცხოვრება. იქ ყოფნისას, თქვენ ხედავთ, თუ როგორ არიან ისინი ერთმანეთზე დამოკიდებული იმისთვის, რომ გადარჩნენ
National Geographic-ის ვეტერანი ფოტოგრაფის – მაიკლ ნიკოლსისთვის ღამის საათები შესაფერისი დრო იყო ლომების სურათების გადასაღებად. დღისით ამ კატებს უმეტესად სძინავთ და ღამის ნადირობისთვის ენერგიას ზოგავენ. პრაიდის მიერ მსხვერპლის დევნა ან ნადავლის განაწილება (ქვემოთ) რომ გადაეღო, ის ინფრაწითელ შუქს იყენებდა. ის არ აფრთხობს ლომებს და შავ-თეთრ გამოსახულებებს იძლევა. ახლო ხედიდან გადასაღებად მან ფოტოაპარატი რობოტზე მიამაგრა. „არასდროს გვინდოდა ისეთი აღჭურვილობის გამოყენება, რომელიც ლომებს შეაკრთობდა, – ამბობს ნიკოლსი, – ვცდილობდით, პატივისცემით მოვპყრობოდით მათ“.
ობიექტივის მიღმა
თქვენ მართლაც ახლოს მიდიოდით ლომებთან?
მაიკლ ნიკოლსი: ასეა, ჩვენი მანქანა მათთან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით იმყოფებოდა, ვნახეთ პაწაწინა ბოკვრები და ვუყურეთ მათ გაზრდას. არასდროს მიფიქრია, რომ ლომების ოჯახის წევრები ასე ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ლომები განსხვავდებიან შინაური კატებისაგან, რომლებსაც მარტო შეუძლიათ ცხოვრება. იქ ყოფნისას, თქვენ ხედავთ, თუ როგორ არიან ისინი ერთმანეთზე დამოკიდებული იმისთვის, რომ გადარჩნენ.
არ გეშინოდათ, რომ რამეს დაგიშავებდნენ?
უნდა გჯეროდეთ, რომ მათ არ სურთ რამე დაგიშავონ. მაგრამ, თუ შეცდომას დაუშვებთ და მანქანიდან ხელს ან ფეხს გამოყოფთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი დარტყმა და თქვენი საქმე წასულია. ერთხელ ერთი მეტრის მოშორებით მყოფი ლომი კინაღამ ჩვენს მანქანაში შემოვიდა.
ამჩნევდით, როდის გრძნობდნენ ისინი საფრთხეს თქვენგან?
თავიდან ისინი ნერვიულობდნენ, თუმცა, მალე მიეჩვივნენ ჩვენს იქ ყოფნას. ლომები არ დახარჯავენ ენერგიას, თუ თქვენში საფრთხეს არ დაინახავენ. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა ურთიერთშეხება არასდროს გვქონია.