
მზია
წელს ზენკენბერგის კონფერენცია უკვე საქართველოში იმართება და ერთდროულად ზეიმობს პირველი Homo erectus-ისა და მზიას აღმოჩენის 100 და 25 წლის იუბილეს
1991 წელს დმანისში პირველმა საერთაშორისო ექსპედიციამ დაიწყო მუშაობა. ის, რომ შუა საუკუნეების ნაქალაქარზე პრეისტორიული ძეგლიც არსებობდა, მანამდეც ცნობილი იყო, უკვე ნაპოვნი ქვის იარაღებითა და პრეისტორიული ცხოველთა ძვლებით. აბესალომ ვეკუას, პალეონტოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით, ძეგლის სავარაუდო ასაკიც განსაზღვრული ჰქონდა – 1 მილიონი წელი. მაგრამ კვლევას მასშტაბური და ინტერდისციპლინური ხასიათი არ ჰქონდა. სწორედ ამას ემსახურებოდა გერმანელი კოლეგების ჩართვა პროექტში – ჩემი გერმანელი მენტორი, პროფესორი გერჰარდ ბოსინსკი გერმანულ მხარეს წარმოადგენდა. მასთან, გერმანიაში ერთსემესტრიანი სტაჟირების პერიოდში ვნახე, თუ როგორი უნდა იყოს პრეისტორიული ძეგლების თანამედროვე კვლევა. ჩვენი მხრიდან შუა საუკუნეების კვლევას ბატონები ვახტანგ ჯაფარიძე და ჯუმბერ კოპალიანი ხელმძღვანელობდნენ, პრეისტორიული ეპოქის მკვლევართა ჯგუფს კი – ქალბატონები მედეა ნიორაძე და ნინო კლოპოტოვსკაია და ბატონები აბესალომ ვეკუა, დავით თუშაბრამიშვილი, მერაბ თვალჭრელიძე და გივი მაისურაძე.
პირველ სეზონზე მხოლოდ მცირე მასშტაბის საძიებო თხრილების გაკეთება გვქონდა დაგეგმილი, ძირითადად, იმ ადგილებში, სადაც ჩვენამდეც იყო გათხრები ჩატარებული. ასევე, ვაზუსტებდით სტრატიგრაფიას (ქანების განლაგებას) და ვიღებდით ნიმუშებს ლაბორატორიული ანალიზებისთვის.
პოლიტიკურად განსაკუთრებით დაძაბული 1991 წელია – რუსთაველზე გამუდმებული დემონსტრაციები, მოსკოვში – პუტჩი, საქართველოში – ეროვნული მოძრაობა და დამოუკიდებლობის გამოცხადება… ყოველივე ამის ფონზე, დმანისის მშვიდ გარემოში გეგმის მიხედვით ვაწარმოებთ სამუშაოებს. სექტემბრის ბოლო გვიახლოვდება, გათხრები მთავრდება და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალბერტ თავხელიძე, ვიცეპრეზიდენტთან ერთად ჩამოდის: „ადამიანის ნაშთი სად არის?“ – გვეკითხება ბატონი ალბერტი. „ადამიანი ჯერ არ გვიპოვია“, – ვლუღლუღებ მე.
სამშაბათს, 24 სექტემბერს, გათხრების ბოლო დღეა, ჩვენთან ერთად ექსპედიციაში, დღეს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები, მაშინ კი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტები, დათო ჟვანია, თეონა შელია, გიორგი ნიორაძე, გოჩა კილაძე და სხვები არიან… უცებ, ყვირილი გვესმის – დათო ჟვანია მორბის. ვხვდებით, რომ რაღაც ხდება და სასწრაფოდ მივდივართ ველზე…

მისულებმა კვადრატი დავინახეთ, რომელშიც ბევრი ძვალი აღმოჩნდა. ძალიან მძიმე სამუშაო იყო. სამი ქართველი ბიჭი მუშაობდა და დაიღალა. ბოლოს გერმანელი სტუდენტი ანთია იუსტუსი ჩავიდა და ყბის ძვალი იპოვა. მე და ბოსინსკიც ამ დროს მივედით. მახსოვს, ნერვული სტრესი გვქონდა. შევხედეთ – მართლაც ჰომინიდის ქვედა ყბა იყო. მივხვდი, რომ აკადემიის პრეზიდენტის დავალება შევასრულეთ. ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან დიდი ხდებოდა, მაგრამ აღმოჩენის მასშტაბი ვერ წარმომედგინა.
ქვედა ყბის პირველი წარდგინებაც 1991 წლის ფრანკფურტის საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა. იმ წელს Homo erectus-ის აღმოჩენის 100 წლის იუბილე იყო და კონფერენციაც ამ თარიღს ეძღვნებოდა. კონფერენციის დაწყებამდეც დიდი სიხარული გველოდა – გერმანიაში გაგზავნილი ნიმუშების ანალიზით დადასტურდა, რომ დმანისის ასაკი 1,8 მილიონი წელია.
წარმოიდგინეთ, უშუალოდ ვხვდები და ვესაუბრები ყველა იმ ადამიანს, ვისაც მანამდე წიგნებიდან ვიცნობდი, მათ შორის მათაც, რომელთა ავტორიტეტმა პროფესიის არჩევა გადამაწყვეტინა. კონფერენციაზე აკადემიკოს ლეო გაბუნიას ხელმძღვანელობით წარდგენილი მოხსენების ძირითადი დასკვნა გახლდათ, რომ დმანისის ქვედა ყბა Homo erectus-ის აფრიკულ ჯგუფს (Homo ergaster) უკავშირდებოდა. ყბის დეტალური შესწავლის შემდეგაც, დღემდე, ძირითადად ძალაში რჩება ეს მოსაზრება, ისევე, როგორც დმანისის ასაკი, რომელიც მაშინ ბევრმა არ გაიზიარა. ჩვენი ოპონენტების მთავარი არგუმენტი იყო – „ეს შეუძლებელია“. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ყბა და კბილები ქალასთან შედარებით, ნაკლებად დიაგნოსტიკურია. პალეოანთროპოლოგებში ასეთი გამოთქმაც კი არსებობს: „თავის ქალა შექმნა ღმერთმა, ხოლო ყბა ეშმაკის ნახელავია“. შემდგომში დმანისში აღმოჩენილმა თავის ქალებმა მეცნიერთა სკეპტიციზმი სრულად გაფანტა.
ჰომინიდის ქვედა ყბა შედარებით კარგადაა დაცული (აკლია მხოლოდ აღმავალი ტოტები და დაზიანებულია ფუძე) და შემორჩენილია სუსტად მოცვეთილი 16-ვე კბილი, მას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული არქაული ნიშნები: ქვედა ყბის ძლიერი სივიწროვე და მასიურობა, აღმავალი ტოტის წინ წაწეული პოზიცია და ნიკაპის არარსებობა. ქვედა ყბის კბილების მორფოლოგია ძალიან არქაული ჩანს, რითაც იგი უახლოვდება მის თანადროულ აფრიკულ ფორმებს. ამასთან, დმანისელ ჰომინიდს ახასიათებს ერთი შეხედვით პროგრესული ნიშნებიც, კერძოდ, საძირე კბილების სიდიდის შემცირება M1-დან M3-მდე (სიბრძნის კბილისკენ).
ამ აღმოჩენის შემდეგ 25 წელი გავიდა. მიღებული მონაცემები მნიშვნელოვნადაა გამაგრებული მსოფლიოს საუკეთესო ლაბორატორიების მონაცემებით. დღეს მეცნიერები თანხმდებიან, რომ დმანისში აღმოჩენილმა ჰომინიდების ნაშთებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ადრე არსებული თეორიები. ქართველი მეცნიერების ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ აქ ნაპოვნი ნაშთები ყველაზე ადრეული და პრიმიტიულია ევრაზიაში. ამ აღმოჩენებმა ფართო აღიარება მოიპოვა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალის, Science-ის მიერ, სადაც 2000 წელს მსოფლიო მეცნიერებაში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან 10 მოვლენას შორის მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2013 წელს რიგით მეხუთე ქალა წლის ნამარხად დასახელდა.
ქართველ მეცნიერებთან ერთად, უკვე ტრადიციულად, პროექტში მონაწილეობენ უცხოელი მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებიდან და ფუნქციონირებს საერთაშორისო საველე სკოლა, სადაც სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ჩამოდიან.
დმანისის პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მეცნიერების, როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორის, ინტეგრაციაში მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალებას იძლევა, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა სტაჟირება გაიარონ მოწინავე ცენტრებში საზღვარგარეთ, ეს კი ქართულ მეცნიერებაში ახალი კადრების მოზიდვის გზაა.
არსად მსოფლიოში, აფრიკაშიც კი, არ არის აღმოჩენილი ჰომინიდების, განამარხებული ცხოველების და ქვის იარაღების ასეთი მრავალფეროვანი, ამ ასაკის კოლექცია ერთი და იმავე შრიდან.
წელს ზენკენბერგის კონფერენცია უკვე საქართველოში იმართება და ერთდროულად ზეიმობს პირველი Homo erectus-ისა და მზიას აღმოჩენის 100 და 25 წლის იუბილეს. თბილისსა და დმანისს კი დარგის სწორედ ის კორიფეები ეწვევიან, რომელთაც 25 წლის წინ მხოლოდ წიგნებიდან ვიცნობდი და ფრანკფურტში პირველად შევხვდი. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები და ახალი აღმოჩენები დმანისში გრძელდება.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.