
ოკეანის გადარჩენის იმედი
ჩვენ მოგითხრობთ ზღვის მკვლევრებისა და მისი ბინადრების შესახებ, უზარმაზარი ვეშაპებიდან დაწყებული, ციცქნა მარჯნებით დამთავრებული.
ოკეანე დღეს მრავალი პრობლემის წინაშე დგას: ჭარბი თევზჭერა იქნება ეს, დამთბარი წყლები მომატებული მჟავიანობით, პლასტმასით დაბინძურება თუ ბიომრავალფეროვნების შემცირება.
საკმაოდ რთულია დღეს ოპტიმისტურად ვხედავდეთ მომავალს, თუმცა ეს ნომერი სწორედ მომავლის იმედის თვალით დანახვას ეძღვნება. ჩვენ მოგითხრობთ ზღვის მკვლევრებისა და მისი ბინადრების შესახებ, უზარმაზარი ვეშაპებიდან დაწყებული, ციცქნა მარჯნებით დამთავრებული.
ფოტოგრაფი დევიდ დუბილე იმ წინააღმდეგობრივი გრძნობების შესახებ მოგითხრობთ, როგორებიცაა დანაკარგის გამო სასოწარკვეთა და არსებულის გადასარჩენად ბრძოლა შედეგის მიღწევის იმედით. დუბილემ National Geographic-ისთვის პირველად 50 წლის წინ იმუშავა. მას წყალქვეშ 27 000-ზე მეტი საათი – თავისი 74-წლიანი სიცოცხლის 3 წელიწადი აქვს გატარებული.
დევიდ დუბილემ და ჯენიფერ ჰეისმა თავიანთი ნამუშევარი მარჯნის რიფების ცვლილებებს მიუძღვნეს. სტატიის დასაწყისში თქვენ იხილავთ მარჯნის რიფს, რომელთანაც დუბილეს 2009 წელს გადაღებული ფოტო უჭირავს ხელში და თვალნათლივ დაინახავთ რიფის ცვლილებას პირველი ფოტოს გადაღებიდან სულ რაღაც 9 წელიწადში. „ოდესღაც ეს მარჯნების თაიგული იყო, ახლა კი ის ნაგავსაყრელს დაემსგავსა”, – გულდაწყვეტით აღნიშნავს დუბილე.
მიუხედავად ყველაფრისა, დუბილეს და ჰეისს იმედი აქვთ, რომ რიფების აღდგენა შესაძლებელია. ისინი ლაპარაკობენ ადგილებზე, სადაც მარჯანი ჯერ კიდევ ჯანსაღია და საიდანაც მარჯნების ახალი, უფრო გამძლე სახეობების გამოყვანა შეიძლება.
ამ გამოცემის მთავარი გზავნილი იმედის გაღვივება და თქვენთვის მოქმედებისკენ მოწოდებაა. ჩვენი სურვილია, დაგეხმაროთ აუცილებელი ცვლილებების განხორციელებაში. ამ გამოცემით ახალ კამპანიას ვიწყებთ. მიაქციეთ ყურადღება Planet Possible-ის ლოგოს ამიერიდან ჩვენს ყველა პლატფორმაზე და მოძებნეთ “დახმარების” ყუთები, სადაც პრობლემებთან შეჭიდების და მათი გადაწყვეტის გზებს იპოვით.
როგორც დუბილე ამბობს: “იმედი ცვლილების შესაძლებლობას გვაძლევს. არ აქვს მნიშვნელობა, ჰიბრიდულ ავტომობილს ვმართავთ თუ მდგრად ენერგიას ვიყენებთ. ნებისმიერ შემთხვევაში იმედი გვამოძრავებს”.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic Magazine საქართველოს.

2018 წელს დევიდ დუბილე ავსტრალიელ მეცნიერებთან ერთად დიდ ბარიერულ რიფზე იმყოფებოდა. მათ შეისწავლეს ისეთი მარჯნების ნიმუშები, რომლებიც მარჯნების დიდი გაუფერულების შემდეგ აღდგნენ. „გადარჩენილი ტოტებიანი მარჯნები მზისკენ მიიწევენ”, – ამბობს დუბილე.
ფოტო: კელი სტრემელი (დუბილე)