პაბლო „პოპი“ გარსია ბორბოროგლუ და ბერტი გრეგორი
წლის მკვლევრები
ბავშვობა პაბლო „პოპი“ ბორბოროგლუმ ბუენოს-აირესის პროვინციაში გაატარა და ახსოვს, როგორ ხიბლავდა ბებიის მოთხრობილი ამბები პინგვინებით სავსე არგენტინის პატაგონიის შესახებ. 19 წლის ასაკში ექსკურსიამძღოლად მუშაობდა და პირველად პინგვინს სწორედ მაშინ მოჰკრა თვალი. პაბლომ თავიდანვე გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ემოციის გაზიარება და სხვათა შთაგონება, დაიცვან პინგვინები და მათი ჰაბიტატი.
მსოფლიოს მეორე ნახევარსფეროში ველური ბუნების დამწყებ ფოტოგრაფ ბერტი გრეგორისაც მსგავსი აზრები გაუჩნდა, როდესაც თინეიჯერობისას ინგლისის სოფელში დაეხეტებოდა ხოლმე. დღეს 31 წლის გრეგორი ველური ბუნების კინორეჟისორი და წამყვანი მთხრობელია National Geographic-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში „პინგვინების საიდუმლოებანი“. ამ პროექტში იგი მუშაობდა ბორბოროგლუსთან ერთად, რომელიც ახლა უკვე საზღვაო ბიოლოგი და „პინგვინების მსოფლიო საზოგადოების“ პრეზიდენტია. თავიანთი ძალისხმევისთვის ბორბოროგლუ და გრეგორი დასახელდნენ 2025 Rolex National Geographic-ის წლის მკვლევრებად.
„პოპი გარსია ბორბოროგლუ და ბერტი გრეგორი განასახიერებენ თანამშრომლობის ძალას“, – ამბობს ჯილ ტიფენტალერი. „ინოვაციური კონსერვაციისა და ამბის ოსტატური თხრობის შერწყმით ისინი არა მხოლოდ გვიღრმავებენ პინგვინებზე არსებულ ცოდნას, არამედ მათ დასაცავად გლობალურ ძალისხმევასაც მუხტავენ“.
ბორბოროგლუს ინიციატივებით, რომლებიც მიმართულია პინგვინთა დაცული ზონების შექმნისკენ, 13 მილიონ ჰექტრამდე ჰაბიტატის კონსერვაცია მოხერხდა ხმელეთსა თუ ზღვაზე. დღეს უკვე 55 წლის ბორბოროგლუ შთაგონებას იღებს პინგვინთა სიცოცხლისუნარიანობისგან – როგორ ცურავენ ასობით თუ ათასობით კილომეტრს საკვების ძიებაში, უსხლტებიან მტაცებლებს, თავს არიდებენ დაბინძურებულ ზონებს და გადარჩენას ახერხებენ იმ გარემოში, რომელზეც სულ უფრო მზარდად ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება. „როდესაც ვხედავ, როგორ ირჯებიან პინგვინები, მე რანაირად ჩამოვუშვა ხელები“, – აღნიშნავს იგი.
ბორბოროგლუ და გრეგორი თავიანთ ხედვებს გვიზიარებენ მიმდინარე ნომრის მთავარ სტატიაში „პინგვინების საიდუმლოებანი“.
ბორბოროგლუ (მარცხნივ) მკვლევარია 2018 წლიდან, როდესაც მან მიიღო National Geographic/Buffett-ის ჯილდო კონსერვაციისთვის. გრეგორიმ ვანკუვერის კუნძულის მგლების აღსაბეჭდად მიიღო გრანტი და 2015 წელს გახდა მკვლევარი.
ფოტოები: ენტონი პაიპერი (ბორბოროგლუ); ზუბინ საროში (გრეგორი)
„როდესაც ვხედავ, როგორ ირჯებიან პინგვინები, მე რანაირად ჩამოვუშვა ხელები“,
– აღნიშნავს ბორბოროგლუ.
როგორც გრეგორი გვიყვება, თავდაპირველად იგი ყოყმანობდა აღნიშნული დოკუმენტური სერიალის გადაღებაზე. მან იცოდა, პინგვინის მკაცრ ჰაბიტატებში მუშაობისას მძიმე პირობები იქნებოდა და იმაზეც ღელავდა, რომ ეს სახეობა უკვე მრავალჯერ აღებეჭდათ ფირზე. „თუ იღებთ სერიალს, რომელსაც პინგვინების საიდუმლოებანი“ ეწოდება, მაშინ მაყურებელს აქამდე არნახული კადრები უნდა შესთავაზოთ“.
საბოლოოდ, გრეგორი არ შეუშინდა გამოწვევას. აღნიშნული დოკუმენტური სერიალის სამიდან ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას იგი ორ თვეზე მეტი ხნით დაბანაკდა ანტარქტიდის ატკის უბეში, სადაც საიმპერატორო პინგვინის კოლონია ბინადრობდა. გრეგორი აღბეჭდავდა პინგვინის სასიცოცხლო ციკლის საკვანძო ეტაპს, როდესაც მშობლებისგან უკვე მიტოვებულ უმწიფარ ინდივიდებს თავად უწევთ მოფიქრება, როგორ გახდნენ „ნამდვილი პინგვინები“ – გაიკვალონ გზა ოკეანისკენ, რათა იცურონ და ინადირონ. გრეგორიმ შთამბეჭდავად გაართვა თავი დავალებას და პინგვინთა ისეთი ქცევები გადაიღო, რომლებიც აქამდე არასოდეს აღბეჭდილა – მათ შორის, ასობით ახალგაზრდა პინგვინი, მყინვარის 15-მეტრიანი ქარაფიდან რომ ხტებოდა ზღვაში. „მე მართლაც მგონია, რომ ეს კადრები მაყურებელს გადარევს“, – ამბობს იგი. „ვფიქრობდი, რომ ვიცოდი, სად გადის პინგვინის შესაძლებლობათა საზღვრები. თურმე ვცდებოდი“.
დოკუმენტური სერიალი „პინგვინების საიდუმლოებანი“ იხილეთ Disney+-ზე.