პეპლებზე მონადირენი
მომაჯადოებლად ლამაზია ფერადოვანი ჯილდო, რომელსაც ამ ფაქიზ მწერზე ნადირობისა და მისით ვაჭრობის ბურუსით მოცულ სამყაროში იღებ


პეპლებზე მონადირენი
მომაჯადოებლად ლამაზია ფერადოვანი ჯილდო, რომელსაც ამ ფაქიზ მწერზე ნადირობისა და მისით ვაჭრობის ბურუსით მოცულ სამყაროში იღებ
ამ მშვენიერ პეპელაზე ნადირობა საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს.
აფროსნისებრი ბლუმე – Papilio blumei – მხოლოდ აქ, ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე ბინადრობს და თანაც ზღვის დონიდან მხოლოდ გარკვეულ სიმაღლეზე. მისი მთის ბინა ციცაბო კლდოვანი შვერილია სველი მიწის თხელი ფენით, რომელზეც ყოველი ხელის წავლება და ნაბიჯი მცირე ღვარცოფებს იწვევს. მწვერვალისკენ მიმავალ ამ ურთულეს გზას რომ დაადგებით, მაშინვე მიხვდებით, თუ რატომ ფასობენ ეს პეპლები ასე ძვირად, რატომ არსებობს ამ იშვიათი სახეობების შავი ბაზარი.

მისი ფრთები შავი ხავერდივით გამოიყურება, ხოლო თითოეულს მკვეთრი მოლურჯო-მომწვანო ზოლი გასდევს. საოცარი სანახავია, ძვირფას თვალს წააგავს და უმალვე გასაგებია, სხვადასხვა კონტინენტზე მყოფ კოლექციონერებს რატომაც სწადიათ იგი. ბზინვარეა, ფარშავანგისებრი არა ერთი, არამედ მრავალი ელფერით. მის ფერთა გამას მეოთხე განზომილებაც აქვს; მოძრაობის დროს ფერი ყოველწამიერად ეცვლება მზის სხივებზე მისი ფრთების დახრის კუთხის მიხედვით.

მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობენ ბლუმეს ამ მახასიათებლის კოპირებას. 2010 წელს დიდი ბრიტანეთის მკვლევრები კემბრიჯიდან და ექსეტერიდან შეეცადნენ ამ თვისების არსის ახსნას ჟურნალში Nature Nanotechnology: „მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურულ ფერთა ფიზიკა კარგადაა გაგებული, ბუნებრივი ფოტონური სტრუქტურების ხელოვნური ასლების შექმნა კვლავაც გამოწვევად რჩება. აქ ჩვენ ვიყენებთ ფენების დალექვის ტექნიკას, მათ შორის, კოლოიდურ აწყობას, დაფრქვევასა და ფენების ატომურ დალექვას, რითაც ინდონეზიური პეპლის Papilio blumei-ს ფრთებზე არსებული ფერთა შერწყმის ეფექტის მიმბაძველი ფოტონური სტრუქტურების მიღებას ვცდილობთ“.

პეპლებით ვაჭრობის იდეა უჩვეულოდ ჟღერს, თითქმის ვიქტორიანული ეპოქისად, მაგრამ ინტერნეტმა თანამედროვე ბაზარს არსებობის საშუალება მისცა. 2017 წელს ბრიტანულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ისტორიაში პირველად გამოუტანეს განაჩენი მამაკაცს ცისფერა არიონის (Maculinea arion) – დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი უიშვიათესი პეპლის – დაჭერისა და მოკვლისთვის.
რთულია პეპლების დღევანდელი გლობალური შავი ბაზრის ზუსტი მასშტაბის დადგენა, თუმცა სავარაუდო შეფასება წელიწადში ასობით მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.
მეთიუ ტიგს უმუშავია სამხრეთ სუდანის სპილოებზე. ევგენია არბუგაევამ ფოტოებზე აღბეჭდა ჩრდილოეთის ირმების მწყემსები რუსეთის არქტიკაში 2017 წლის ოქტომბრის ინგლისურენოვანი გამოცემისთვის.