
პირველი ავსტრალიელები
50 000 წლის განმავლობაში ამ კონტინენტზე მხოლოდ აბორიგენები ცხოვრობდნენ
თითი ყელთან და მზერა ზღვისკენ. ეს სიგნალია. ორი ფეხშიშველი მამაკაცი ევკალიპტისაგან დამზადებულ ხელნაკეთ შუბებს ხელს სტაცებს და კუზე სანადიროდ მიეშურება.
50 000 წლის განმავლობაში ამ კონტინენტზე მხოლოდ აბორიგენები ცხოვრობდნენ. ერთ დროს არსებობდა დაახლოებით 250 განსხვავებული აბორიგენული ენა, ასეულობით დიალექტი, და კიდევ უფრო მეტი კლანი და ქვეჯგუფი. თუმცა, მათ შორის ღრმა სულიერი და კულტურული ერთობაა, მკვიდრ ავსტრალიელებს სულაც არ სწყინთ, რომ ისინი აბორიგენის საერთო სახელის ქვეშ გააერთიანეს. ისინი თვითონაც აბორიგენებს უწოდებენ თავს. დღეს ისინი მოსახლეობის 3%-ზე ნაკლებს შეადგენენ და მათი ტრადიციული ცხოვრების წესი თანდათან დავიწყებას ეძლევა. კულტურა კი მხოლოდ მათ მშობლიურ ადგილებში განაგრძობს არსებობას. პირველ რიგში ესაა არნემლენდის რეგიონი, სადაც მდებარეობს მატამატა. ის სხვა თემებს უსწორმასწორო ტალახიანი გზებით უკავშირდება.
ტერენს გაიპალვანი და პიტერ ილიიარი მატამატას, შამბნარში ჩაკარგული სოფლის მკვიდრი აბორიგენები არიან. აქ 25 ადამიანი ცხოვრობს. ამ სოფლის მოსანახულებლად გაიპალვანის დედის, მატამატას მატრიარქის ბატუმბილის ნებართვაა საჭირო. მატამატაში ორი ტელეფონია, ერთი ბატუმბილის მფლობელობაშია, მეორე კი საერთოა დანარჩენი სოფლისთვის. ბატუმბილი ხელოვანია – მერქნის ნაჭრებსა და ღრუ მორებზე, საკუთარი თმისგან დამზადებული ფუნჯით სკატების, ხვლიკებისა და სხვა წმინდა ტოტემების სიმბოლურ სახეებს ქმნის.
ასეთ პატარა სოფელშიც კი სხვადასხვაგვარი სამეზობლოა: სახლები, სადაც უცოლო კაცები ცხოვრობენ, ბავშვებიანი ოჯახები და სოფლის ბოლოს, ყველაზე შორს ზღვიდან, ბატუმბილის დიდი სახლი. ელჩოს კუნძულზე რამდენიმე ასეული ადამიანით დასახლებულ ქალაქში, სადაც ბატუმბილი და მისი ქმარი ცხოვრობდნენ, ძნელი იქნებოდა ალკოჰოლის ხიბლისა და მისი თანმხლები ძალადობრივი საქციელისთვის თავის არიდება. ეს არ იყო ადგილი ოჯახის შესაქმნელად. ბატუმბილი და მისი ქმარი დარწმუნდნენ, ბედნიერებას მხოლოდ იზოლირებულ გარემოში მოიპოვებდნენ, იქ, სადაც მხოლოდ მიწის გულუხვობაზე ხარ დამოკიდებული. მატამატაში ალკოჰოლი აკრძალულია. ეს არის ბატუმბილის პირველი წესი. მაგრამ, ბატუმბილი, ბევრ სხვა ზრდასრულ ადამიანთან ერთად, ორთქლმავალივით ეწევა. გარე სამყაროდან მოსული მხოლოდ ორი რამ: თამბაქო და ბენზინი მიანიშნებს ცხოვრების ხარისხზე მატამატაში. როდესაც ბენზინი არ არის, ნავის ძრავა ვერ მუშაობს, კუების დაჭერაც შეუძლებელია და ყველას შია. როდესაც თამბაქო არ არის, კიდევ უფრო უარესია…
მატამატაში მანქანაც არის, დაჟანგული თეთრი „ლენდ კრუიზერით“ სეირნობას ყველა ესწრაფვის. ამის მიზეზი, შესაძლოა, მანქანის კონდიციონერია, რომელიც მთელ სოფელში მხოლოდ ერთია. თითქმის მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა შესაძლოა 38° C-ს მიუახლოვდეს. სანაპიროზე კილომეტრის მეათედს დღეში რამდენჯერმე უამრავი ადამიანი გაივლის მანქანით, რათა შეამოწმოს წყლის მიმოქცევა შესაფერისია თუ არა კუზე სანადიროდ. საწვავის მარაგს, ჩვეულებრივ, საყიდლებზე გასამგზავრებლად ინახავენ. უახლოესი მაღაზია, რომელსაც საქონლის ფართო ასორტიმენტი აქვს, მანქანით 4 საათის სავალზეა. მატამატას ორი ძირითადი სეზონი აქვს: წვიმიანი – ჩვეულებრივ, დეკემბრიდან მარტამდე და მშრალი – წლის დანარჩენ დროს. წვიმების დროს გზები ტბორებად გადაიქცევა, მაგრამ სანაპიროს გარშემო თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ნავით სარგებლობა. ნავით ქალაქში ჩასვლას ნახევარი დღე სჭირდება. ექიმის ჩამოსაყვანად, კვირაში ერთხელ მაინც ჯდება თვითმფრინავი და როდესაც სხვა აბორიგენულ თემებთან მიფრინავს, რამდენიმე ადამიანი, მცირე თანხის სანაცვლოდ, ხშირად იკავებს ცარიელ სკამებს, რათა ნათესავ-მეგობრები მოინახულოს. იოლნგუს წევრებს უყვართ მოგზაურობა; მატამატას მოსახლეობის რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება. როდესაც ბატუმბილის ერთ-ერთი შვილიშვილი თვითმფრინავში შეხტა, თან წაიყვანა თავისი ლეკვი და აიტანა ტელევიზორი, მაგრამ ფეხსაცმლის წაღება არც კი უფიქრია.
არნემლენდში უხვადაა ბოქსიტი, რომელიც ალუმინის მთავარი წყაროა. მიუხედავად მრავალი შემოთავაზებისა, ბატუმბილმა მტკიცე უარი განაცხადა, რომ საბურღი კომპანია მის თუნდაც ერთ მტკაველ მიწას შეხებოდა.„სანამ აქ ბურღვას დაიწყებდეთ, თქვენ მოგიწევთ მესროლოთ და ჩემს მკვდარ სხეულზე გადაიაროთ“,- ამბობს ის.
როგორ ცხოვრობენ აბორიგენები ამ პატარა სოფელში, ინარჩუნებენ თუ არა უძველეს ტრადიციებს, როგორ მოიპოვებენ საკვებს, და საერთოდ რა გახდა იმის მიზეზი, რომ ამ ადამიანებმა ნაწილობრივ მაინც ზურგი აქციეს ცივილიზაციას და, როგორც მატამატას „ავტორიტეტი“ ბატუმბილი ამბობს, „შინ დაბრუნდნენ“. ამ პატარა სოფლის მაგალითზე მაიკლ ფინკელი ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით ავსტრალიელ აბორიგენებზე.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.