თუკი გსურთ მეტი გაიგოთ იმაზე, თუ როგორ დაეხმაროთ პლანეტას, ეწვიეთ ბმულს: nationalgeographic.ge/category/planet
გარემოს დაბინძურება, რომელიც ქაღალდზე კარგად გამოიყურება.

პრინტერის კარტრიჯებს და ჰაერის დაბინძურებას ერთი რამ აქვთ საერთო: ნახშირბადი. წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი შავი ნაწილაკები პიგმენტის კარგი წყაროა. ამიტომ ერთ-ერთი ინდური სტარტაპი დიზელის გენერატორებიდან გამოყოფილ გამონაბოლქვს Air-Ink-ად გარდაქმნის. კომპიუტერული გიგანტი Dell ამ ჭვარტლიანი ნარევის გამოყენებას თავისი პროდუქციის შეფუთვებზე გეგმავს. – კრისტინა ნუნესი
გამწვანებული კოშკები

მას შემდეგ, რაც 2014 წელს იტალიელმა არქიტექტორმა, სტეფანო ბოერიმ მილანის ცენტრში Bosco Verticale, ანუ ვერტიკალური ტყე შექმნა, მცენარეებით დაფარული შენობები მსოფლიოს გარშემო სხვაგანაც აღმოცენდა. 800 ხითა და 5000 ბუჩქით გამწვანებულმა ორმა საცხოვრებელმა ცათამბჯენმა მცხოვრებლები და კრიტიკოსები ერთნაირად აღაფრთოვანა უხვი მცენარეულობით, მზისგან დაცული ფასადით და ეკომეგობრულობით. ამჟამად ბოერი მექსიკაში ვერტიკალურ ქალაქს, მწვანე კოშკებს კი სხვადასხვა კონტინენტზე აპროექტებს. – სემ ლუბელი
ხელოვნება, რომელიც ჰაერს წმენდს
ეს ჭაღი ნახშირორჟანგს იწოვს და ჟანგბადს გამოყოფს.
ფოტო: ჯულიან მელქიორი, დიმიტარ ჰარიზანოვი
ლონდონში, ვიქტორიას და ალბერტის ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმის ელექტროკოლექციაში ერთადერთი ცოცხალი ექსპონატი – ჭაღია. სანათის რკინის ტოტებზე მიმაგრებულია 70-ძარღვოვანი, სინთეტიკური ტომარა, იგივე “ფოთლები”, რომლებსაც შიგნით არსებული მილიონობით წყლის მიკროორგანიზმი აძლევს მწვანე შეფერილობას. წყალმცენარეები LED-ნათურებისა და მზისგან სინათლეს, ჰაერიდან კი ნახშირორჟანგს იღებენ. მოკლედ რომ ითქვას, ეს ჭაღი წარმართავს ფოტოსინთეზს. დამთვალიერებლისთვის, რომელიც ამ ხელოვნების ნიმუშს, სახელად “ამოსუნთქვას” მუზეუმში სტუმრობს, ორმხრივი მოქმედება ხდება: სტუმრები გამოყოფენ CO2-ს, წყალმცენარეები კი მას ჟანგბადით ანაცვლებენ.
“ამოსუნთქვა” ინჟინერ-გამომგონებლის, ჟულიან მელქიორის და მისი კომპანია Arborea-ს ინოვაციაა. სტარტაპი ავითარებს ტექნოლოგიებს, რომლებიც ფოტოსინთეზის ინდუსტრიულ დონეზე გამოყენებას გულისხმობს. მელქიორის თქმით, წყალმცენარეები შესაძლოა მალე შენობებსა და კოსმოსურ ხომალდებზე “ბიო-მზის” პანელების ასამუშავებლად გამოიყენონ. – ჰიქს ვოგანი