
პონტონის ხიდი
ფოტოზე ყურადღებას იპყრობს ერთმანეთზე გადაბმული ნავებით გაკეთებული, მოტივტივე პონტონის ხიდი, რომელიც საინტერესო კონსტრუქციით გამოირჩევა
დიმიტრი ერმაკოვის ეს ფოტო გადაღებულია სოფელ ორპირში რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში, 1877-78 წლებში. საომარი მოქმედებები 1877 წლის 22 აპრილს დაიწყო და ორ ფრონტზე – ბალკანეთსა და კავკასიაში – კერძოდ, საქართველოში გაიშალა. აჭარა-გურიის მთები ბრძოლას ორ ნაწილად ყოფდა: სამხრეთისა და რიონისპირეთ-ოზურგეთის ფრონტად, სადაც რუსებთან ერთად, ქართველების საჯარისო ნაწილებიც ახორციელებდნენ შეტევას.
მაშინდელი პრესიდან ვიგებთ, რომ ომის დაწყების დროს გადაუღებელი წვიმების გამო, საგრძნობლად გაუარესებული იყო გზების მდგომარეობა, რაც ხელს უშლიდა საჯარისო ნაწილების გადაადგილებას. ფოტოზე ყურადღებას იპყრობს ერთმანეთზე გადაბმული ნავებით გაკეთებული, მოტივტივე პონტონის ხიდი, რომელიც საინტერესო კონსტრუქციით გამოირჩევა. ჩანს, ამ დროებითი ხიდის მშენებლობა აუცილებელი გახდა ჯარისა და საბრძოლო ტექნიკის მდინარის მეორე ნაპირზე დროულად გადასაყვანად.