პრერიის ამომავალი ვარსკვლავები
ოკლაჰომა
ადგილობრივმა კინორეჟისორებმა ტალსაში ნიჭიერების კერა გააჩინეს.
ოკლაჰომის ქალაქ ტალსაში სასადილო, სახელად TIM’S MIDTOWN DINER („ტიმის სასადილო მიდტაუნში“) ერთი ჩვეულებრივი იაფი კვების ობიექტი იყო. დიდი ვაფლის ჭამა და ცხელი ყავის დალევა აქ კვირის ნებისმიერ დღეს შემეძლო, მაგრამ FX-ზე პიბოდის ჯილდოს მფლობელი სერიალის, Reservation Dogs-ის („რეზერვაციის ძაღლები“) გამოჩენისთანავე, ეს ადგილი პილიგრიმობის წერტილი გახდა. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სცენა, რომელშიც მსახიობები ითან ჰოუკი და კავენაჰერი დევერი ჯეიკობსი (მოჰოკი) ერთმანეთის პირისპირ სხედან, ჩემი ჩვეული სავახშმო მაგიდიდან სულ რამდენიმე ნაბიჯშია გადაღებული. „ის ბევრ ხალხს იზიდავს“, – თქვა ჩემმა მიმტანმა სერიალზე.
ტალსაში მცხოვრები პროდიუსერის, სტერლინ ჰარჯოს (მასკოგი, სემინოლი) და ოსკაროსანი რეჟისორის, ტაიკა ვატიტის (მაორი) მიერ შექმნილი „Rez Dogs“ ოთხი ადგილობრივი თინეიჯერის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ოკლაჰომის რეზერვაციაში იზრდებიან. ლოკალური წითელხალიჩიანი პრემიერის შემდეგ, სერიალის სატელევიზიო დებიუტი 2021 წლის აგვისტოში შედგა. უეცრად სერიალის პერსონაჟებში ამოვიცანი ინდიელი ბავშვები, რომლებთანაც შესაძლოა სკოლაში მემეგობრა ან სამეზობლოში გამეცნო. სერიალი ავთენტიკური და გულწრფელია. ის შორსაა კარვებში მცხოვრები და ცხენზე მოჯირითე ინდიელების სტერეოტიპული ხედვისგან. Rez Dogs-ი ამტკიცებს, რომ ინდიელებზე ინდიელების მიერ მოყოლილი ამბები შეიძლება წარმატებული იყოს პოპკულტურის დონეზე: ორი თვის შემდეგ, ჰელოუინის პერიოდში სოციალური ქსელები აივსო სერიალის პერსონაჟების კოსტიუმებით შემოსილი ბავშვებისა და თინეიჯერების ფოტოებით.
ყველაზე ნიშანდობლივია, რომ სერიალმა ტალსაში მკვიდრ ხალხთა კინოს ბუმი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქი სამი მკვიდრი ხალხის: ჩეროკის, მასკოგის და ოსეიჯის გადაკვეთის წერტილში მდებარეობს. სერიალის სამ სეზონში ჩანს ოკლაჰომის მრავალფეროვანი ლანდშაფტები: ოზარკის მწვანე გორაკები და მდინარეები, რომლებიც ჩეროკების მიწის 18 000 კვადრატულ კილომეტრზე მიედინება, ცენტრალური რეგიონის პრერიები, დიდი მლაშე ვაკეები ჩრდილოეთში და მაგიდა მთები. ოკმალგი, მასკოგის ხალხის დედაქალაქი, პერსონაჟების გამოგონილი მშობლიური ქალაქის, ოკერნის მაგივრობას ასრულებს.

ფოტო: ოსტინ პარკერი; ჩეროკის კინოსტუდია;
ცალკე აღნიშვნის ღირსია ტალსა, მეტროპოლისი, რომელშიც მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. 1900-იანი წლების არტ-დეკოს სტილით გამორჩეული ქალაქი ცნობილი იყო, როგორც „დედამიწის ნავთობის დედაქალაქი“. ტალსას საქმიანი ნაწილის ზოგიერთი ადგილი Rez Dogs-ში ლოს-ანჯელესს ანაცვლებდა. ქალაქის ნაწილი ასევე ჩანს მარტინ სკორსეზეს ეპიკურ ფილმში Killers of the Flower Moon, რომელიც დიდწილად ოსეიჯის ხალხის რეზერვაციასთან გადაიღეს.
ჰარჯომ დაიქირავა ადგილობრივებისგან შემდგარი გუნდი, რომელთა უმრავლესობა მაშინ გამოუცდელი იყო. მან შთააგონა სხვა ინდიელი ხელოვანებიც, რომ ქალაქში ჩასულიყვნენ. მათ შორისაა მწერალი და რეჟისორი ერიკა ტრემბლი (სენეკა-კაიუგა), რომელმაც სანდენსის კინოფესტივალის ფავორიტი ფილმი, Fancy Dance გადაიღო ოსკარის ნომინანტი მსახიობის, ლილი გლედსტოუნის (ნიმიპუ, სიკსიკაიტსიტაპი/შავფეხები) მონაწილეობით.
2022 წელს, შესაძლებლობის დანახვისთანავე, ჩემი ტომი, ჩეროკის ხალხი, პირველი გახდა აშშ-ში, ვინც კინოს სტიმულირების პროგრამა წამოიწყო. ეს ინიციატივა უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას ინდიელთა გადამღები გუნდისთვის, მსახიობებისა და რეზერვაციის ტერიტორიაზე არსებული ადგილებისთვის. იმავე წელს Cherokee Film-მა გახსნა 2500 კვადრატული მეტრის ფართობის სტუდია ოვასოში, რეზერვაციის ტერიტორიაზე. სამანქანო ტრასის გასწვრივ არსებული ხმის ჩამწერი სტუდია ადრე დახურული ფეხბურთის სტადიონი იყო. მის გვერდით, 900 კვადრატულ მეტრზე, მეორე სტუდია შენდება. ორი წლის განმავლობაში ტომმა 10 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო თავის კინემატოგრაფიის ოფისსა და სტიმულირების პროგრამაში.

Cherokee Film-ის ონლაინ მონაცემთა ბაზაში 2000-ზე მეტი მკვიდრი მსახიობის და გადამღები ჯგუფის წევრის მონაცემია განთავსებული. მათ შორისაა ჩეროკი რეჟისორი ჯერემი ჩარლზი, რომელიც მართავს Pursuit Films-ს – კინოწარმოების სერვისების მიმწოდებელ კომპანიას ადგილობრივი გადაღებებისა და მთელი კონტინენტის ტომებისთვის.
The Cherokee Film-ის სტუდიას აქვს მოძრაობის აღბეჭდვის ტექნოლოგია, შერეული რეალობის და 3D შესაძლებლობები. „რეგიონში არ არსებობს ამის მსგავსი, მით უმეტეს მკვიდრი ამერიკელი რეჟისორებისათვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგია“, – ამბობს ჩარლზი. „როგორც მკვიდრი, იღბლიანი ვარ, რომ Cherokee Film-ი გზას უკვლევს ინდიელებს ამ ინდუსტრიაში“.
ჰორიზონტზე კიდევ ბევრი პროექტია. ჩოკტო რეჟისორმა კაილ კაუვიკა ჰარისმა, რომელმაც 2017 წელს რამდენიმე ჯილდო მიიღო თავისი დოკუმენტური ფილმისთვის – I Stand: The Guardians of Water, კრიმინალური დრამა Out of Exile გადაიღო 2021 წელს Pursuit Films-ის მხარდაჭერით. ამ ზაფხულს ჰარისი და Pursuit Films-ი კვლავ ითანამშრომლებენ თრილერის გადასაღებად ოკლაჰომაში. მალე ჰარჯო და ჰოუკი კვლავ გაერთიანდებიან ტალსაში, FX-ის ნუარის ჟანრის სერიალის, The Sensitive Kind-ის საპილოტო სერიის გადასაღებად.
დღეს ქალაქში მოძრაობისას ხშირად მიწევს შემოვლითი გზით სიარული, რომ გადასაღებ მოედნებს ავერიდო. ერთხელ მომიწია ყავის დასალევად სხვაგან წავსულიყავი, რადგან Paramount+-ის სერიალის, Tulsa King-ის ერთ-ერთ სცენას იღებდნენ, რომელშიც სილვესტერ სტალონე ესპრესოს სვამს. სხვა დროს მიმართულების შეცვლა მომიწია, რადგან ფილმ Killers of the Flower Moon-ის სცენას იღებდნენ, რომელშიც მსახიობ ჯესი პლემონსს შენობიდან დამნაშავე გამოჰყავდა.
„ტალსა შემოქმედებისთვის ცარიელი ქალაქი იყო, ახლა კი შემოგვხედეთ: ყველას უნდა აქ ჩამოსვლა“, – ამბობს ჩარლზი. „აშკარაა, რომ აქაურობა ტალანტითაა სავსე. ფილმის გადასაღებად 100 პროცენტით ინდიელი ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდის დაქირავებაა შესაძლებელი. აქამდე გრძელი გზა განვვლეთ. ახლა კი მუშაობის დროა“.