
პუშკინის ბიუსტის გახსნა
ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი 1892 წლის 25 მაისს საზეიმოდ გაიხსნა.
რუსეთის იმპერიაში ტფილისი რიგით მეხუთე ქალაქი იყო, სადაც დიდი რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი გაიხსნა. მოვლენა პოეტის გარდაცვალების 55 წლისთავს მიეძღვნა. ბიუსტის დადგმის ინიციატივა ტფილისის იმჟამინდელ პოლიცმეისტერს, ლ. ა. როსინსკის ეკუთვნოდა. მან ქალაქის საკრებულოს მიმართა წინადადებით, ალექსანდრე პუშკინის ბიუსტისთვის ერევნის მოედანზე არსებულ ბაღში გამოეყოთ ადგილი, სადაც ტფილისელი მოქალაქეების მიერ შეგროვილი სახსრებით აღიმართებოდა პოეტის ბიუსტი, რომელიც სანქტ-პეტერბურგში არსებული იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბიუსტის სტილის იქნებოდა.
მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩის მიერ შექმნილი ბრინჯაოს ბიუსტი პეტერბურგში, რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ წამყვან საწარმოში – კ. ვერფელის ქარხანაში ჩამოასხეს. კვარცხლბეკის დასამზადებლად ალგეთის ქვა გამოიყენეს, რომელიც ტფილისში, ვინჩენცო პილაჯის სახელოსნოში დამუშავდა.
ალექსანდრე პუშკინის ბიუსტი 1892 წლის 25 მაისს საზეიმოდ გაიხსნა. კურთხევას უამრავი ადამიანი დაესწრო. ბაირაღებით შემკული ბაღიდან ყვავილებით დამშვენებული ის სახლი ჩანდა, რომელშიც 1829 წელს ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა დიდი პოეტი. ძეგლის გვერდით, სპეციალურად მოწყობილ სამფეროვან კარავში თავი მოეყარათ საპატიო სტუმრებს. ბიუსტის კურთხევის შემდგომ, მგალობელთა გუნდის გალობის ფონზე, ცერემონიის დამსწრე მაღალჩინოსნებმა სიტყვით მიმართეს საზოგადოებას და ქალაქის სახელით გვირგვინებით შეამკეს დიდი პოეტის ბიუსტი. გაჟღერდა პოეტის ცნობილი ლექსები. ბაღში გვიანობამდე უკრავდა მუსიკა და ძეგლის სანახავად უამრავი ხალხი მოდიოდა.