
ქალი, დედა და იდეა
ღვთისმშობელზე ძირითადი სტატიის გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი წლის წინ მივიღეთ, როდესაც ვაშინგტონის ქალთა ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გრანდიოზული გამოფენა მოეწყო – „მარიამი: ქალი, დედა, იდეა”. მაშინ უფიცის გალერეიდან, ლუვრიდან და ვატიკანის მუზეუმიდან ჩამოტანილი 74 შედევრი გამოიფინა. მუზეუმმა, თავისი ისტორიის განმავლობაში, ყველა დროის სარეკორდო რაოდენობის მნახველი მიიღო.
სწორედ მაშინ, ჩვენი ამერიკული გამოცემის რედაქტორმა დასვა კითხვა: რა განსაზღვრავს მის ასეთ მიზიდულობას? ის სამყაროს ყველაზე ძლიერი და ამავე დროს ყველაზე ამოუცნობი სახეა, რომელზეც ყურანი უფრო მეტს ყვება, ვიდრე სახარება. სტატიაზე მუშაობის პროცესში, მთელ მსოფლიოში ჩვენს უამრავ რედაქციასთან მიწერმოწერისას, არ მტოვებდა ჩემი სენტიმენტური განცდები, მიქელანჯელოს „პიეტას” პირველად ნახვისას რომ გამიჩნდა.
მახსოვს, ვუყურებდი და ვფიქრობდი – ქვის ქსოვილად გადაქცევის ვირტუოზობა, ყველა ურბილესი ძარღვი თუ ყველა უტონუსო კუნთი მაცხოვრის სხეულზე სრულიად „მეორეხარისხოვანია”. ყველაზე შოკისმომგვრელი ღვთისმშობლის მრავლისმეტყველი თვალებია. თვალები, რომლებიც არ ჩანს! ვუყურებდი და ვხვდებოდი: მის თვალებში მოქცეულია სამყაროს ყველა შვილმკვდარი დედის უბედურება და რადგან ერთი ადამიანი ამხელა ტანჯვას ვერ დაიტევს, მიქელანჯელოს ღვთისმშობელი ჩუმადაა და ცრემლიც კი არ სდის. ის შვილის ადამიანური დატირების მიღმა დგას.
არ აქვს მნიშვნელობა, ქრისტიანი ხარ, იუდეველი, მუსლიმი ან თუნდაც ათეისტი – ის, გინდა არ გინდა, უდიდეს გავლენას ახდენს შენზე. თან ყოველდღიურად. ის სამყაროს მართლაც რომ ყველაზე ძლიერი ქალია.
რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ძირითადი სტატიის ავტორი მორინ ორთი და ფოტოგრაფი დიანა მარკოსიანი ცდილობენ. ისიამოვნეთ!