
ქარავანი მიდის
გაეროს ინფორმაციით, 2013 წელს ლტოლვილების რიცხვმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და სამწუხაროდ, ეს რეკორდი მას შემდეგ ყოველ წელს “უმჯობესდება“
რამდენიმე წლის წინ ჩემმა კოლეგამ ყურმილი დაკიდა და საკმაოდ გაოცებულმა მითხრა, რომ საქართველოს ერთი მოგზაური მოადგა თურქეთის მხრიდან, ოღონდ საზღვრის გადმოკვეთას ვერ ახერხებდა, რადგან „სატრანსპორტო საშუალების“ გამო ექმნებოდა პრობლემა და როგორმე უნდა დავხმარებოდით. მისი გაოცების მიზეზს მაშინღა მივხვდი, როდესაც გავიგე, რომ ეს „სატრანსპორტო საშუალება“ ვირი იყო, მას კი საქართველოში ცხოველის შემოსაყვანად აუცილებელი საბუთები არ გააჩნდა, სატრანსპორტო საშუალებად ვერ დაარეგისტრირებდნენ, რადგან ცოცხალი არსება იყო, პატრონს კი ცხოველის დატოვება ცოცხალი თავით არ სურდა საზღვრის მიღმა… ვირის პატრონი National Geographic-ის მკვლევარი და მოგზაური პოლ სალოპეკი გახლდათ, რომელიც ფეხით მიუყვება იმ გზას, რომელიც Homo sapiens-მა გაიარა აფრიკიდან წამოსვლის შემდეგ. საბოლოოდ ვირს კეთილი პატრონი გამოუჩნდა თურქეთში, პოლმა კი საქართველოც გადასერა და კაცობრიობის ბილიკებს გაუყვა შორეული აღმოსავლეთისაკენ.
საქართველოში მოგზაურობის პერიოდში ჩვენც არაერთხელ გავიარეთ მასთან ერთად რამდენიმე კილომეტრი, თუმცა ეს მოკლე მოგზაურობები არაფრით ჰგავდა მის მიერ მონათხრობ საოცარ თავგადასავლებს, რომლებიც ჩვენამდე უკვე გამოევლო ეთიოპიიდან წმინდა მიწისა და თურქეთის გავლით საქართველომდე და რომელთა შესახებაც პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს ჩვენს ჟურნალში. მისი ისტორიები ერთდროულად არის სულის შემძვრელიც და დაუჯერებელიც, თუმცა მათი კითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანებს საოცარი ძალა აქვთ – გადალახონ ყოველგვარი სირთულე, როდესაც ამის საჭიროება დგება.
გაეროს ინფორმაციით, 2013 წელს ლტოლვილების რიცხვმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და სამწუხაროდ, ეს რეკორდი მას შემდეგ ყოველ წელს “უმჯობესდება“. მსოფლიო ბანკი კი ამბობს, რომ 2050 წლისათვის კლიმატის ცვლილება 143 მილიონამდე ადამიანს აიძულებს დატოვოს საკუთარი სახლი.
აგვისტოს ნომრით ჩვენ მიგრაციის შესახებ მოგითხრობთ.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.
„ედემიდან სვლა“ პოლ სალოპეკმა 2013 წელს დაიწყო. ადევნეთ მას თვალი ონლაინ: outofedenwalk.org