ქართული მარკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარება საფოსტო მარკაზე აღინიშნა.
1918 წლის 26 მაისს საქართველომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაკარგული დამოუკიდებლობა აღიდგინა. დაიწყო თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც უამრავ რეფორმასა და წამოწყებას მოიცავდა. ასეთ რეფორმათა რიცხვს მიეკუთვნება ახალი ეროვნული საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობას მეტ ლეგიტიმაციას სძენდა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან ერთი წლის თავზე, 1919 წლის 26 მაისს, საქართველომ გამოუშვა პირველი ეროვნული საფოსტო მარკა, რომლის ავტორად დიმიტრი შევარდნაძე მიიჩნევა.
1918-1921 წლებში ქვეყანაში ორი სახის მარკა გამოიყენებოდა. ერთზე რესპუბლიკის გერბი იყო დატანილი, ხოლმე მეორე ვერსიაზე ქართველი ქალი, რომელსაც ფილატელისტები ხშირად თამარ მეფის სახელით მოიხსენიებენ. მარკების პირველი სერია ცხრა ნომინალისგან შედგებოდა და თბილისში იბეჭდებოდა. მცირენომინალიან მარკებზე ცენტრში სახელმწიფო გერბის კომპოზიცია იყო მოთავსებული, ხოლო მსხვილნომინალიან მარკებზე ქართველი ქალის გამოსახულება, რომელსაც ერთ ხელში შუბი უჭირავს, ხოლო მეორე ხელში ფარი სახელმწიფო გერბის, თეთრი გიორგის, გამოსახულებით. მარკებზე ქართულენოვანი აღნიშვნის გვერდით – „საქართველოს რესპუბლიკა“, ვხვდებით ფრანგულენოვან წარწერებსაც: „LA GEORGIE“ და „REBUPLIQUE GEORGIENNE“.
1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს საფოსტო მარკა ერთგვარი მემატიანეა იმ პოლიტიკური მოვლენებისა, რომლებიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ვითარდებოდა. ქართულ მარკებზე დატანილ სხვადასხვა სახის წარწერებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი წარწერა ალბათ მაინც 1921 წლით თარიღდება, როდესაც იმავე წლის 27 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარება მოხდა. ეს იმდენად დიდი მოვლენა იყო, რომ მომდევნო დღეებში ქართველი ქალის გამოსახულებით შექმნილ მარკაზე შესაბამისი წარწერა გამოჩნდა: „1921 წლის 27 იანვარი, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა de jure“.
სამწუხაროდ, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ მარკას, ისევე როგორც დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკას, დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. მარკაზე წარწერის დატანიდან მალევე ამ საინტერესო გამოცემამ ფილატელისტების კატალოგებში გადაინაცვლა და დავიწყებას მიეცა. სიმბოლურია, რომ 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საფოსტო მარკა, ქვეყნის de jure დამოუკიდებლობის აღიარების ამაღელვებელი წარწერით, რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები კოლექციონერისგან შევიძინე. უკრაინაში ომით გამოწვეული სირთულეების გამო, მაშინ, როცა ფოსტის მიღებას უკვე აღარ ველოდი, გზავნილი მოულოდნელად გამოჩნდა და ჩემი კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.