ქეითის ახალი სახე
ეს ამბავი მძიმე წასაკითხია. და მაინც, გთხოვთ, წაიკითხოთ, რომ გაიგოთ, თუ როგორ გადაუნერგეს სახე ახალგაზრდა ქალს, რადგან ეს ისტორია რაღაც სიღრმისეულს ავლენს ჩვენი ადამიანური ბუნების შესახებ. ქეითი სტაბლფილდმა სახე მაშინ დაკარგა, როდესაც 18 წლის იყო. 21 წლის ასაკში ექიმებმა მას ახალი სახე აჩუქეს


ქეითის ახალი სახე
ეს ამბავი მძიმე წასაკითხია. და მაინც, გთხოვთ, წაიკითხოთ, რომ გაიგოთ, თუ როგორ გადაუნერგეს სახე ახალგაზრდა ქალს, რადგან ეს ისტორია რაღაც სიღრმისეულს ავლენს ჩვენი ადამიანური ბუნების შესახებ. ქეითი სტაბლფილდმა სახე მაშინ დაკარგა, როდესაც 18 წლის იყო. 21 წლის ასაკში ექიმებმა მას ახალი სახე აჩუქეს
ქეითი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იქნება, ვისაც აშშ-ში სახეს გადაუნერგავენ. მისი სახის ტრანსპლანტაცია, ამ კლინიკაში – მესამე და მთელ მსოფლიოში – მე-40, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება, რაც მას მთელი სიცოცხლის მანძილზე კვლევის ობიექტად აქცევს.
ქეითი სულ რაღაც 18 წლის იყო, როდესაც სახე დაკარგა. ეს სახე ახლა მხოლოდ ფოტოებზეა შემორჩენილი.
როდესაც ქეითი საშუალო სკოლაში სწავლობდა, მისმა ოჯახმა ორჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი. მეათე კლასში რომ იყო, ისინი ლეიკლენდიდან (ფლორიდა) ოუენსბოროში, კენტუკის შტატში გადავიდნენ. ის იყო შეეჩვია ახალ საცხოვრებელს, როდესაც, ერთი წლის შემდეგ, ისევ მოუწიათ გადასვლა, ამჯერად ოქსფორდში, მისისიპის შტატში. მისმა მღვდელმსახურმა მამამ (რობი) და დედამ (ალესია) მცირე ქრისტიანულ აკადემიაში დაიწყეს პედაგოგებად მუშაობა, ქეითი კი ამავე სკოლაში მეთერთმეტე კლასში ჩაირიცხა და თანაკლასელი შეუყვარდა. მათ ქორწინებაზე დაიწყეს ლაპარაკი.

დამამთავრებელ კლასში მისი სამყარო შეიცვალა. ის უკვე ებრძოდა კუჭ-ნაწლავის ქრონიკულ დაავადებებს და ქირურგიასთანაც მოუწია შეხება. ერთი წლით ადრე მას აპენდიქსი ამოაჭრეს. ბოლო სასწავლო წელს, იანვარში გართულებების გამო, ნაღვლის ბუშტის ამოჭრაც მოუწია. ორი თვის შემდეგ, როგორც სტაბლფილდებმა მითხრეს, სკოლის დირექტორმა შეატყობინა მათ, რომ კონტრაქტებს აღარ განუახლებდა და შემდეგ მოულოდნელად დაითხოვა ალესია. ქეითიმ, რომელიც დირექტორს ენდობოდა, ეს ღალატად ჩათვალა.
2014 წლის 25 მარტს, ქეითიმ თავისი შეყვარებულის მობილური ტელეფონი აიღო და სხვა გოგონასთვის მიწერილი შეტყობინებები აღმოაჩინა. როდესაც მისგან ახსნა მოითხოვა, ბიჭმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

გულნატკენი და გაბრაზებული ქეითი თავის ძმასთან წავიდა, სადაც გაშმაგებით წერდა შეტყობინებებს შეყვარებულს და ადგილს ვერ პოულობდა. რობერტმა დედას დაურეკა. და სანამ ისინი სახლის გარეთ ქეითის მდგომარეობაზე საუბრობდნენ, გოგონა სააბაზანოში შევიდა, რობერტის 7,62 მმ-იანი კალიბრის სანადირო შაშხანა ნიკაპქვეშ მიიდო და ჩახმახს გამოკრა. როდესაც რობერტმა ჩაკეტილი კარი შეამტვრია, თავისი უმცროსი და სისხლის გუბეში აღმოაჩინა. „სახე აღარ ჰქონდა“, იხსენებს ის, ჯერ კიდევ შეძრწუნებული მოგონებით.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.
ჯოანა კონორსი არის კლივლენდის გაზეთის რეპორტიორი და ავტორი წიგნისა „მე შენ გიპოვი: რეპორტიორი იძიებს იმ მამაკაცის ცხოვრებას, რომელმაც ის გააუპატიურა“. ფოტოგრაფი მეგი სტებერი რეგულარულად თანამშრომლობს ჩვენს ჟურნალთან. ის აშუქებს ჰუმანიტარულ, კულტურულ და სოციალურ თემებს. სტებერმა გაიმარჯვა National Geographic-ის ფოტონომინაციაში – ქალი ხედვით. ფოტოგრაფი ლინ ჯონსონი, ჩვენი ასევე ხშირი თანამშრომელი, უკვე 35 წელია ადამიანების და მათი შეგრძნებების აღბეჭდვას ცდილობს ფოტოზე.