
ქორწილი
თუ მომავალ დედამთილს სარძლო მოეწონებოდა, ქალ-ვაჟის მშობლები, მაჭანკლის დახმარებით, მზითვსა და ქორწილზე იწყებდნენ მოლაპარაკებას
საქართველოში საქორწინო ცერემონიალი, ძირითადად, სამ საფეხურს – გარიგებას, ნიშნობასა და ქორწილს მოიცავდა. საპატარძლოს შერჩევა სხვადასხვა დღესასწაულსა თუ ღონისძიებაზე ხდებოდა. თუ მომავალ დედამთილს სარძლო მოეწონებოდა, ქალ-ვაჟის მშობლები, მაჭანკლის დახმარებით, მზითვსა და ქორწილზე იწყებდნენ მოლაპარაკებას. ეკლესიიდან გამოსულ ჯვარდაწერილ წყვილს მეჯვარე-ხელისმომკიდეები გაშიშვლებული ხმლების ქვეშ ატარებდნენ. ეს რიტუალი ახალშექმნილი ოჯახის ავი სულებისა და მავნე თვალისგან დასაცავად ტარდებოდა. ქორწილი, როგორც წესი, რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
ამ ფოტოზე, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოსაა გადაღებული, თბილისური ქორწილია აღბეჭდილი, გირლანდებით მორთული შენობის ფონითა და მხიარული მუსიკოსებით. საზეიმოდ გამოწყობილი მაყრიონი ახალდაქორწინებულ წყვილს ხმლების ქვეშ ატარებს. სიძეს ტრადიციული ქართული ჩოხა, ხოლო პატარძალს თეთრი, დასავლური სტილის თეთრი კაბა აცვია.
როგორც ვხედავთ, ამ პერიოდის საქართველოში ქორწილი ქართულ-ევროპული ტრადიციების ნაზავს წარმოადგენდა.