
ქვად ქცეული
კანადაში, ტირელის სამეფო მუზეუმის ნამარხების წინასწარი დამუშავების ლაბორატორიის ერთ კუთხეში 1100-კილოგრამიანი მასიური ქვა დგას.
ერთი შეხედვით, ეს ხელახლა აწყობილი ნაცრისფერი ბლოკები 3-მეტრიანი დინოზავრის ქანდაკება გეგონებათ. მის კისერსა და ზურგს მოზაიკური ჯავშანი ფარავს. თითოეულ ქერცლს წრიული რუხი კონტური დაჰყვება. მარცხენა მხარეს გრაციოზულად ყელმოღერილი თითქოს ცდილობს, გემრიელ მცენარეს მისწვდეს. მაგრამ ეს სულაც არ არის ქანდაკება – ნამდვილი, მთლიანად გაქვავებული დინოზავრია უკანა კიდურებისა და კუდის გარეშე.
განამარხებული კანის ფრაგმენტები თავის ჯავშანზე ალაგ-ალაგაა შემორჩენილი. მარჯვენა წინა კიდური განზე გაუწევია, „თითებს“ კი მაღლა იშვერს. ფეხის გულზე ქერცლებსაც ითვლი.

პალეონტოლოგიაში დინოზავრის ასეთი სრულყოფილი განამარხება ნამდვილი დღესასწაულია. ამ სრულყოფილების მიზეზი კი ზღვის ფსკერზე მისი მყისიერი „დასაფლავებაა“. როგორც წესი, მხოლოდ კბილები და ძვლები ნარჩუნდება ხოლმე. იშვიათია, რომ მინერალებმა გახრწნამდე მოასწრონ რბილი ქსოვილების ჩანაცვლება. არც ამ შემთხვევაშია იმის გარანტია, რომ ნამარხი პირველად სახეს შეინარჩუნებს.
ეს გამორჩეული ნამარხი ახალაღმოჩენილ სახეობას (და გვარს), ნოდოზავრს მიეკუთვნება, რომელიც ანკილოზავრისებრების ქვეჯგუფში შემავალი ნაირსახეობაა. 110-112 მილიონი წლის წინ (ცარცული პერიოდის თითქმის შუა ხანები) ეს 5,5 მეტრიანი, 1300-კილოგრამიანი ბალახისმჭამელი იმ დროის მარტორქა იყო, ანუ ცხოველი, რომელიც ძირითადად მარტოდმარტო დაეხეტება. ნოდოზავრს იარაღიც ასხია: მხრებზე ორი 50-სანტიმეტრიანი გამონაზარდი, შეუფერებელ ადგილას ამოსულ ხარის წვეტიან რქებს მოგაგონებთ.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.