
რას მოგვითხრობდა ის ქალთა ცხოვრების შესახებ
1800-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში გადაღებული ათობით მილიონი ფოტოს შემცველი არქივი რომ გქონდეთ
ჟურნალის გვერდებსა და წიგნის (ქალები: National Geographic-ის ფოტოკოლექცია) ფურცლებზე გადმოსატანად ძველ მასალებს რომ ვათვალიერებდით, გავოცდით, რაოდენ ვიწრო ჭრილში წარმოაჩენდნენ ადრე ქალებს. ხშირ შემთხვევაში ფოტოები ლამაზია, ზოგჯერ სახალისო ან სევდიანი, ან სულაც თავზარდამცემი, თუმცა, თითოეული მათგანი მოცემული დროისათვის დამახასიათებელ სტერეოტიპებსა და ჩვეულებებს ასახავს.

არქივი შეიცავს 1888 წელს National Geographic-ის დაარსებიდან დაგროვილ 60 მილიონზე მეტ სურათს: გამოქვეყნებულ და გამოუქვეყნებელ ფოტოებს, სლაიდებს, ნეგატივებსა და სხვ. შეიძლება ითქვას, ესაა სხვადასხვა საზოგადოებისა და კულტურის წარმომადგენელ ქალთა ერთ-ერთი ყველაზე სრული ვიზუალური არქივი მსოფლიოში.

XX საუკუნის დასაწყისში ჟურნალში გამოქვეყნებული ფოტოები ქალებს, ძირითადად, ეგზოტიკურ ლამაზმანებად გამოსახავდნენ, ადგილობრივი ჩაცმულობით ან გაშიშვლებული მკერდით. ეს კი იმაზე მეტყველებს, თუ ვინ იდგა იმ დროს ობიექტივის უკან: ძირითადად – თეთრკანიანი მამაკაცი. ფოტოტექნიკის განვითარებამ ქალთა გამოსახულებებს მეტი დინამიკა შემატა, თუმცა, აქცენტი მაინც ტრადიციულ არქეტიპებზე კეთდებოდა: ცოლები, დები, დედები. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო, რომ ქალები უკვე სხვა როლებშიც გამოჩნდნენ: მრეწველობაში, საავადმყოფოებსა და ჯარში დასაქმებულები. ომის შემდეგ ჟურნალი უფრო ოჯახურ კადრებზე გადაერთო; ქალები კიდევ რამდენიმე ათწლეული იღიმებოდნენ ჟურნალის ფურცლებზე, სანამ 1970-იან წლებში ფოტოგრაფია ცხოვრების შეულამაზებლად გადმოცემას დაიწყებდა.
ეს არქივი კადრს მიღმა მდგარი ქალების ისტორიასაც ინახავს: ჟურნალის ფოტოგრაფებისა და ფოტორედაქტორებისა, რომლებიც ადრე ასე ცოტანი იყვნენ. ელაიზა სიდმორის პირველი ფოტო 1907

წლის აპრილში დაიბეჭდა. ითვლება, რომ იგი იყო პირველი ქალი, რომლის ფერადი (ხელით გაფერადებული) ფოტოებიც 1914 წელს დაიბეჭდა ჟურნალში. ქალი ფოტოგრაფი შტატში პირველად 1953 წელს აიყვანეს – ეს იყო კეტლინ რევისი; მომდევნო ორი, ბიანკა ლეივისი და ჯოდი კობი კი მხოლოდ 21 და 24 წლის შემდეგ.
დღეს ფოტოკოლექციის 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და ნამდვილ ამბებს მოგითხრობთ ნამდვილი ქალების შესახებ იმაზე მეტი ფოტოგრაფი ქალის ფოტოებით, ვიდრე ოდესმე.
გვინდა წავახალისოთ „ქალის ხედვა”: ის იდეა, რომ ფოტოგრაფი ქალები კაცებისაგან განსხვავებულად შეიძლება ხედავდნენ სამყაროს და განსხვავებულ თემებს იკვლევდნენ. ქალი ფოტოგრაფების ხედვისა და ფოტოების წყალობით, საშუალება გვეძლევა, მთელი სამყარო დაგანახოთ და არა მხოლოდ ნაწილი.
სარა ლინი National Geographic-ის ფოტოგრაფიის განყოფილების დირექტორია.
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.