რატომ ჰგავს ძაღლი პატრონს
ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ძაღლები მართლაც ჰგვანან თავიანთ პატრონებს და მათ მსგავსადაც იქცევიან.
1990-იან წლებში, ნიუ-ჯერსის გარეუბანში, „პენინგტონის დღეს“, ძაღლების და მათი პატრონების მსგავსების კონკურსზე, სრულიად თავდაჯერებული ვიყავი. არც იყო გასაკვირი – სოკერის, ჩემი კოკერ-სპანიელის ლეკვის გრძელი, ჩალისფერი ჩამოშვებული ყურები იდეალურად შეესაბამებოდა ჩემს ტალღოვან ქერა თმას. ჩვენ ტრიუმფით გავიმარჯვეთ.
მე და სოკერი „პენინგტონის დღის“ ღონისძიებაზე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ვიღებდით მონაწილეობას და ყოველთვის ვიმარჯვებდით. მას შემდეგ ასე ზედიზედ არსად მქონია წარმატება.
გაცვეთილი ფრაზაა, რომ ბევრი ადამიანი მართლაც ჰგავს თავის ძაღლს. როგორც ირკვევა, ამ სტერეოტიპის უკან ჭეშმარიტი მეცნიერება დგას. რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული 15 კვლევის შეფასება გვიჩვენებს, რომ ადამიანები და მათი საყვარელი ცხოველები არა მხოლოდ გარეგნულად ჰგვანან ერთმანეთს, არამედ მსგავსადაც იქცევიან. რამდენიმე ექსპერიმენტის დროს მოხალისეებს სთხოვეს, ძაღლებისა და მათი პატრონების ფოტოები ერთმანეთისთვის მიესადაგებინათ. შედეგები საკმაოდ კარგი იყო. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეებს ძაღლებისა და ადამიანების მხოლოდ თვალების დანახვა შეეძლოთ, თუმცა წყვილების იდენტიფიცირება მაინც წარმატებით მოახერხეს. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები ხშირად ისეთ ძაღლებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელთა ყურების სიგრძე მათი თმის სიგრძეს შეესაბამება.
რატომ ხდება ასე? სავარაუდოდ, საქმე უწყინარ ნარცისიზმს ეხება. ექსპერტები თვლიან, რომ ადამიანები ირჩევენ ძაღლებს, რომლებიც რაღაცით მათ ჰგვანან.
კიდევ უფრო გასაოცარია, რომ ძაღლებსა და მათ პატრონებს მსგავსი პიროვნული თვისებებიც აქვთ. ასაკის მატებასთან ერთად, ისინი ხასიათით სულ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს. ამას რამდენიმე თეორიით ხსნიან. ერთ-ერთის მიხედვით, ადამიანები თავიანთ მსგავს ძაღლებს ირჩევენ. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, დროთა განმავლობაში ძაღლები და პატრონები იწყებენ ერთმანეთის ემოციური მდგომარეობის რეგულირებას, ერთმანეთზე დაკვირვებას და მიბაძვით სწავლას.
სხვა თუ არაფერი, ძაღლებთან ურთიერთობა ხომ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი რამ შეიძლება იყოს ჩვენს ცხოვრებაში. „ეს იმას ჰგავს, თუ როგორ ვირჩევთ ცხოვრების პარტნიორს“, – ამბობს გერმანიის ქალაქ იენის მაქს პლანკის გეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის ძაღლების კვლევის ჯგუფის დოქტორანტი, კვლევის ხელმძღვანელი იანა ბენდერი. იგი აღნიშნავს, რომ ძაღლებსა და მათ პატრონებს შორის „ძალიან მჭიდრო ურთიერთობაა… რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს ჰგავს“.
ჰარპერი (შნუდელი) და ბენჯი
კასპარი (ჩინური ქოჩორა) და შარლოტა
რალფი (უნგრული ნაგაზი) და ემა
ბადი (ბიშონ-ფრიზე) და ჯესიკა
რეჯი (ჩაუ-ჩაუ) და მონიკა
პიქსი (კოკერ-სპანიელი) და პიტი
რუპერტი (ირლანდიური ტერიერი) და ჯოში
არჩერი (შოტლანდიური ტერიერი და მოპსი) და სტივენი
ჰარპერი (შნუდელი) და ბენჯი
კასპარი (ჩინური ქოჩორა) და შარლოტა
რალფი (უნგრული ნაგაზი) და ემა
ბადი (ბიშონ-ფრიზე) და ჯესიკა
რეჯი (ჩაუ-ჩაუ) და მონიკა
პიქსი (კოკერ-სპანიელი) და პიტი
რუპერტი (ირლანდიური ტერიერი) და ჯოში
არჩერი (შოტლანდიური ტერიერი და მოპსი) და სტივენი
ჟურნალში „პიროვნება და ინდივიდუალური განსხვავებები“ აღნიშნულია, რომ კვლევა გარკვეულწილად შეზღუდული იყო, რადგან მასში მონაწილეობდა ძაღლებისა და პატრონების შედარებით მცირე რაოდენობა. გარდა ამისა, ბევრ მოხალისეს წმინდასისხლიანი ძაღლები ჰყავდა. სრული სურათის მისაღებად კი მეცნიერებს ესაჭიროებათ მეტი მონაცემი შერეული ჯიშების შესახებაც, რომლებიც მსოფლიოში ჭარბობენ.
ძაღლის პატრონების სუბიექტურობაც თავის როლს ასრულებს. ამასთან, ძაღლის თვისებების შეფასების სტანდარტული მეთოდების გამოყენების შემთხვევაშიც კი, სხვადასხვა მკვლევარი სხვადასხვა კონცეფციას ეყრდნობა. უფრო მეტიც, საკუთარი შინაური ცხოველის ქცევის ობიექტურად შეფასება ისეთივე რთულია, როგორც თქვენი ოჯახის წევრების ქცევის. „ვინ არის ყველაზე კარგი ბიჭი? შენ ხარ!“ – როგორ შეუძლიათ მეცნიერებს ამ მიკერძოების დაძლევა? საგანგებოდ შედგენილი კითხვარებისა და ძაღლის კონკრეტულ სიტუაციებში ქცევის შესახებ მკაფიო კითხვების დასმით – ნაცვლად იმისა, რომ აბსტრაქტულად შეაფასონ მათი ერთგული მეგობრის სიკარგე.
ადამიანების გავლენა ძაღლის ქცევაზე არ აკვირვებს ბორბალა ტურჩანს, ძაღლების ქცევის სპეციალისტს ეტვიოშ ლორანდის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი). იგი თვლის, რომ ძაღლის თვისებების დაახლოებით მესამედი გენეტიკითაა განსაზღვრული, ხოლო დანარჩენ ორ მესამედს გარემო განსაზღვრავს. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი ძაღლი პატარაობიდან თქვენთან ცხოვრობს, თქვენ ძალიან ძლიერ ზემოქმედებთ მის სამყაროზე. გარდა ამისა, ძაღლები მიდრეკილნი არიან ადამიანების მიმართ ნდობისკენ, რადგან ათიათასობით წლის განმავლობაში მოშინაურებამ ისინი ძლიერ მიაჯაჭვა ადამიანებზე. როგორც მშობლები ზრდიან შვილებს, საყვარელ ცხოველთა პატრონებიც ძლიერ ზემოქმედებენ თავიანთ ძაღლებზე, განმარტავს ტურჩანი.
ბენდერი იმედოვნებს, რომ მისი კვლევა ადამიანებს ძაღლების შესახებ უფრო ღრმა და ზუსტი ცოდნის მიღებაში დაეხმარება, განსაკუთრებით იმ ძაღლების, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ, მაგალითად, მუშაობენ სამაშველო სამსახურებში, პოლიციასა თუ საჯარო უსაფრთხოების დაცვაში.
არც ისე დიდი ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ და მე მეტისი ლეკვი, მაილო ავიყვანეთ. შესაძლოა, ის და მე ისე არ ვგავართ ერთმანეთს, როგორც ერთ დროს მე და სოკერი ვგავდით, თუმცა მას მოკლე, მოყავისფრო ყურები აქვს, რაც ჩემს ამჟამინდელ ვარცხნილობას წააგავს. მაგრამ მაშინაც კი, თუ თმას გავიზრდი ან სხვა ფერად შევიღებავ, ჩვენ მაინც ძლიერ ზემოქმედებას მოვახდენთ ერთმანეთის ქცევებზე. რა თქმა უნდა, როგორც არ უნდა მოიქცეს, ის ჩემთვის ყოველთვის ყველაზე კარგი ბიჭი იქნება.