დელავერის ყურეში ძლიერი მოქცევის დროს ატლანტიკური მახვილკუდები (Limulus Polyphemus), ნაპირზე შესაწყვილებლად ამოდიან. ამ ფეხსახსრიანებისთვის გამრავლება ჯგუფური მოვლენაა, რომელშიც ერთი მდედრი, ერთი მამრი და კიდევ ბევრი სხვა მამრი მონაწილეობს.
პაემანი ზოგჯერ წყლის ქვეშ იწყება. მამრი, რომელსაც მამობა სურს, წინა ფეხებით მდედრის მუცელს ეჭიდება და მას ტალღებში მიჰყვება. ამგვარად მოკალათებული მამრი მზადაა, კვერცხები დადებისთანავე გაანაყოფიეროს, თუმცა „სანაპიროზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა“, – ამბობს ჯორდან ციმერმანი, მახვილკუდათა სპეციალისტი. ჯერ კიდევ უცნობი მიზეზების გამო ზოგიერთი მდედრი იმდენად მიმზიდველია, რომ მათთან შეწყვილებას ერთდროულად ბევრი მამრი ცდილობს.
პოლიამორულ გროვაში მყოფი მდედრი კვერცხებს ქვიშაზე დებს. მასზე მიმაგრებული მამრი სპერმას გამოყოფს. იქვე მდგომი სათადარიგო პარტნიორებიც ცდილობენ თავიანთი სპერმით გაანაყოფიერონ კვერცხები. მათი ტაქტიკა საკმაოდ ეფექტურია: ტესტირებების მიხედვით თანამგზავრი და მდედრზე მიმაგრებული მამრები ერთნაირი სიხშირით ხდებიან მამები. შეწყვილება ბრძოლას ჰგავს. ქვირითის დაყრის შემდეგ მათ დამშეული სანაპიროს ფრინველები ესევიან, თუმცა 450 მილიონი წლის შემდეგაც L. polyphemus არსებობას აგრძელებს.
ჰაბიტატი/რეგიონი:
ატლანტიკურ მახვილკუდებს შეერთებული შტატების სანაპიროებზე და მექსიკაში შეხვდებით. ისინი უფრო ახლოს ენათესავებიან მორიელებს და ობობებს, ვიდრე კიბორჩხალებს და ძირითადად მოლუსკებითა და ჭიებით იკვებებიან.
სხვა ფაქტები:
შეერთებულ შტატებში ბიოსამედიცინო ინდუსტრია წელიწადში დაახლოებით 500 000 მახვილკუდას ტოქსინებისადმი სენსიტიურ, ლურჯ სისხლს ლაბორატორიულ ტესტირებებში იყენებს. უმეტესობას წყალში აბრუნებენ, თუმცა 15-30% იღუპება. გარეგნობის მიუხედავად, ეს ცხოველები არ იჩხვლიტებიან. ზურგზე გადაბრუნების შემთხვევაში კუდებით ასწორებენ სხეულს. თუ ზურგზე მწოლიარე მახვილკუდას იპოვით, გადააბრუნეთ ის.
დელავერის ყურეში, ნიუ-ჯერსის მხარეს, მახვილკუდები სანაპიროზე ჯვარდებიან.