
როდესაც სექსი ასე „მრუდეა“
მას ზედაპირზე ცურვა უყვარს, ორი ტიპის მხედველობა კი ერთდროულად წყალქვეშ და წყალსზევით გარემოს აღქმაში ეხმარება
მიუხედავად სახელისა, ოთხთვალა თევზს (Anableps anableps) სინამდვილეში ორი თვალი აქვს. ამის ილუზიას თვალის ორად გამყოფი ჰორიზონტალური ტიხარი ქმნის. მას ზედაპირზე ცურვა უყვარს, ორი ტიპის მხედველობა კი ერთდროულად წყალქვეშ და წყალსზევით გარემოს აღქმაში ეხმარება.
„გასაოცარია, როგორ ახდენენ წყალსზევით და წყალქვეშ მყოფი მტაცებლების აღქმას ერთდროულად და მიღებული ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავებას იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, რა გზით წავიდნენ, – ამბობს ერიკ კალენი, ოკლაჰომის ზოოპარკის თანამშრომელი, – ამ სახეობას დიდი ევოლუციური უპირატესობა აქვს“.
მაგრამ ეს ერთადერთი უცნაურობა როდია. მდედრი თევზის სასქესო ორგანოს დაბოლოება, ისევე როგორც მამრის სასქესო ორგანო (გონოპოდიუმი, რომელიც საკოპულაციო ორგანოდ სახეცვლილი ფარფლია), ზოგ თევზს მარცხნივ აქვს მოხრილი, ზოგს – მარჯვნივ. ეს იმას ნიშნავს, რომ მარჯვენა მხარეს მოხრილი გონოპოდიუმის მამრს მხოლოდ მარცხენა მხარეს მოხრილი სასქესო ორგანოს მქონე მდედრთან შეუძლია შეწყვილება და პირიქით. ეს კი თავსებადი პარტნიორის პოვნის შანსს თითქმის ანახევრებს. „რა უპირატესობა აქვს ამას, ნამდვილად ვერ გეტყვით“, – ამბობს კალენი.
საარსებო გარემო
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ატლანტისპირა მტკნარი ან მლაშე წყლები.
სტატუსი
IUCN წითელი ნუსხისთვის შეფასებული არ არის.
საინტერესო ფაქტი
ოთხთვალა თევზის მხოლოდ სამ სახეობას აქვს ორად გაყოფილი თვალი.