
საიუბილეო გამოფენა
1901 წელს ტფილისმა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო გამოფენას უმასპინძლა.
გამოფენა, რომელიც დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის პატრონაჟით გაიმართა, 2 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა და ორი მნიშვნელოვანი იუბილე – კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების 50 და საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავი გააერთიანა.
თბილისის მთავარ საგამოფენო შენობებში, კავკასიაში გავრცელებული სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგების გარდა, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ფაბრიკა-ქარხნების ნაწარმი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები.
კავკასიის სამოსწავლო ოლქის პავილიონში გამოფენილი იყო კავკასიის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების, ინსტიტუტებისა და სხვადასხვა სასწავლებლის მოსწავლეთა ნამუშევრები. პავილიონი განსაკუთრებით საინტერესო იყო მათთვის, ვისაც სურდა გაცნობოდა სასწავლებელთა მდგომარეობის გაცნობა სურდა.
ღირსშესანიშნავი იყო ბაქოს ნავთობის მწარმოებელთა მდიდრულად მოწყობილი პავილიონებიც: ინტერიერში ააგეს ჭაბურღილის მოდელი, სადაც გამართული იყო მიწის სათხრელი მანქანები. მნახველს თავად შეეძლო გასცნობოდა ნავთობის მოპოვების პროცესს.
კავკასიის სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო გამოფენა ორი თვის განმავლობაში 160 000-ზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა, თუმცა კომერციული თვალსაზრისით ის არც თუ ისე მოგებიანი აღმოჩნდა – ზარალმა დაახლოებით 25 ათასამდე მანეთი შეადგინა.