
საპატიო ყარაული
დიმიტრი ერმაკოვის ამ ფოტოზე გამოსახულია მეფისნაცვლის სამსახურში მყოფ თავად-აზნაურთა ჯგუფი
მე-19 საუკუნე საქართველოსთვის დიდი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების ეპოქა იყო. რუსეთთან შეერთების შემდეგ, კავკასიაში მეფისნაცვლის თანამდებობა შემოიღეს. მისი რეზიდენცია თბილისში განთავსდა. მეფისნაცვალი განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა კავკასიაში. მას უშუალოდ ემორჩილებოდა ყველა უწყება; მეფისნაცვალი ნიშნავდა, ათავისუფლებდა და აჯილდოვებდა მომსახურე პირებს. თუ ადრე რუსული მმართველობის სამსახურში ქართველი არისტოკრატიის უმნიშვნელო წარმომადგენლობა იყო, მოგვიანებით, იმპერიის სამხედრო კარიერისკენ სწრაფვამ თითქმის საყოველთაო ხასიათი მიიღო – ასეულობით ქართველი თავადი და აზნაური მეფის არმიის ოფიცერი და გენერალიც კი გახდა. ქართულმა ეროვნული სამოსმა კი რუსული სამხრეები და ეპოლეტები მოირგო.
დიმიტრი ერმაკოვის ამ ფოტოზე გამოსახულია მეფისნაცვლის სამსახურში მყოფ თავად-აზნაურთა ჯგუფი, რომელიც უშუალოდ მთავარმართებლის საპატიო ყარაულს წარმოადგენდა.