
საუკეთესო რაკურსი
შუქის მეშვეობით ობიექტის მდებარეობის განსაზღვრის საჰაერო ტექნოლოგია – ე.წ. ლიდარი – ლაზერულ იმპულსებს უშვებს თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ან დრონიდან და ინფორმაციას იღებს ქვემოთ მდებარე ზედაპირის შესახებ
სატელიტურ ფოტოებზე დედამიწა დიდი სიმაღლიდან ჩანს; ტექნოლოგიას კი, რომელიც დედამიწასთან უფრო ახლოსაა განთავსებული, უფრო დეტალური გამოსახულების მოწოდება შეუძლია.
შუქის მეშვეობით ობიექტის მდებარეობის განსაზღვრის საჰაერო ტექნოლოგია – ე.წ. ლიდარი – ლაზერულ იმპულსებს უშვებს თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ან დრონიდან და ინფორმაციას იღებს ქვემოთ მდებარე ზედაპირის შესახებ.
წარსულში ლიდარის მაქსიმალური რეზოლუცია 50 წერტილი იყო მ2ზე. ნიუიორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს მისი გაზრდა 335 წერტილამდე. შედეგად, მიღებულ გამოსახულებებზე ბზარებისა და შენობების ფასადების გარჩევა შეიძლება.
ლიდარი ფოტოს გარდა იღებს მოძრავი ქალაქის მაღალი რეზოლუციის მქონე გეომეტრიულ ფორმასაც. გზების დახრილობა აჩვენებს, თუ რა მიმართულებით წავა ადიდებული წყალი, მტვრის გროვები კი ჰაერის დაბინძურებას ავლენს.

ციდან მონაცემების შეგროვება იაფი არაა, მაგრამ ლიდარის სკანერის დამაგრება სხვა მიზნით მფრინავ ობიექტებზეც შეიძლება, მაგალითად პოლიციის ან სასწრაფო დახმარების ვერტმფრენებზე. ჯგუფმა დუბლინის ცენტრის (სურათზე) სკანირებით დაიწყო. სამომავლოდ სხვა ქალაქებზეც იქნება შესაძლებელი გადაფრენა და მიღებული მონაცემების კონკრეტული ადგილის გარემოს გასაუმჯობესებლად გამოყენება.
რაში შეიძლება ლიდარის გამოყენება
ინტეგრაცია
მეტროებისა და კანალიზაციისთვის ქალაქის ქვეშ გვირაბების თხრა შენობებს შეიძლება აზიანებდეს. გათხრისას შენობების ფასადების შეფასება მათი სუსტი წერტილების აღმოჩენაში შეიძლება დაგვეხმაროს.
ქალაქგეგმარება
სად დაეცემა ჩრდილები? ქუჩაში ფეხით მოსიარულეებისთვის ძლიერი ქარი ხომ არ დაუბერავს? საიდან შეიძლება დაიწყოს წყალდიდობა? მშენებლებმა შეიძლება იხეირონ ქალაქის დეტალური გეომეტრიული მოდელით.
შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო
მაღალი ტროტუარი, ან საფეხური დაბრკოლებას უქმნის შშმ პირებს. ლიდარის მონაცემები გვეხმარება მათთვის მორგებული პროექტების და აპლიკაციების შექმნაში.
ხეების გასხვლა
ქალაქის ხეების დეტალურ რუკაზე შესაძლებელი იქნება იმ ხეების იდენტიფიკაცია, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ დენის ხაზებს და რომლებიც ქარბუქის წინ უნდა გაიკრიჭოს.