
სერფინგი მთებზე
მისტიკური. დაუმორჩილებელი. უკიდეგანო. ასე აღწერს ბრაზილიელი სერფერი მაია გაბეირა გიგანტურ ტალღებს ნაზარეში, პორტუგალიაში. რთულია განსაზღვრო სადამდე აზვირთდება ტალღა, სად გადატყდება“. ის ყველა მხრიდან მოდის“, – ამბობს გაბეირა. ერთ-ერთმა დამამსხვრეველმა ტალღამ კინაღამ შეიწირა, სხვამ კი ქალებს შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარებინა. შემდეგ, 22,4-მეტრიანი ტალღის დაპყრობით, ეს რეკორდი გააუმჯობესა.
„ძალიან ბევრი წყალი იყო, – იხსენებს იგი, – თითქოს მთიდან ვეშვებოდი“.
ევროპის უდიდესი წყალქვეშა კანიონის (5 კმ სიღრმის და 200 კმ სიგრძის) თავზე მძვინვარე ზვირთები მუდამ აოცებდა და აშინებდა ნაზარეს მოსახლეობას. ზამთრის გიგანტურ ტალღებზე წარმატებით სრიალი პირველად ამერიკელმა გარეტ მაკნამარამ მოახერხა. „შუქურას რომ მივუახლოვდი, დავინახე ყველაზე დიდი ტალღები, რომლებიც კი ოდესმე მინახავს“, – ამბობს იგი. თავიდან ზვირთები საგულდაგულოდ შეისწავლა და შემდეგ, 23,7-მეტრიან მონსტრზე სრიალით, 2011 წელს რეკორდი დაამყარა. ამ მშვიდ მეთევზეთა სოფელს უკვე სერფინგის ევერესტად მოიხსენიებენ, მისი ტალღების დაპყრობას – წმინდა გრაალად.
სერფინგი აქ ბუნების დაუმარცხებელ ძალებთან დაახლოების და მათი პატივისცემის ტოლფასია. წყალქვეშა რელიეფი აძლიერებს და ზრდის ულმობელი ტალღების მოცულობას, სისწრაფეს და არაპროგნოზირებადობას. სანაპიროზე ტალღები ქვის და მარჯნის ნაცვლად ქვიშას ეხეთქებიან. „შტორმის, ქარის და დიდი ტალღების გამო ქვიშა მუდმივ მოძრაობაშია“, – ამბობს 19 წლის პორტუგალიელი სერფერი ტონი ლორეანო. დიდი ტალღების დამლაშქრავთა შორის იგი ყველაზე ახალგაზრდაა.
ნაზარეში სერფინგს მხოლოდ ერთი განსაზღვრული წესი აქვს – დიდ ტალღებთან მარტო შეჭიდება არ შეიძლება.
ამ მოძრავ მთებთან სერფერები წყლის მოტოციკლით მეწყვილეებს მიჰყავთ. შუქურიდან დამკვირვებლები ნაპირისკენ მომავალი ტალღების წყებებს აკვირდებიან და სერფერებს რაციით ელაპარაკებიან. კლდიდან და სანაპიროდან ადგილობრივი მცხოვრებლები, საზღვაო ოფიციალური პირები, მაშველები, მედიკოსები და ოჯახის წევრები ყურადღებით აკვირდებიან სერფერებს. „აქედან შეგიძლიათ სერფერებს თქვენი ხმა გააგონოთ“, – ამბობს მაკნამარა.
ტალღების გაზომვა მეცნიერთათვის რთული თავსატეხია. არ არსებობს გამოკვეთილი საზღვრები, არცერთი მარტივი კოორდინატი. `ლაპარაკია დინამიკურ სიტუაციაზე, წყლის ნაწილაკებზე, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ“, – ამბობს მიგელ მორეირა, ლისაბონის უნივერსიტეტის ადამიანის კინეტიკის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. იგი სერფერების დამყარებული რეკორდების გასაზომად უკეთესი ხერხების მოძებნას ცდილობს.
სერფერებსაც კი არ შეუძლიათ ტალღის ზუსტი ზომის განსაზღვრა. „იცი, რომ დიდია, მაგრამ არ იცი – რამდენად“, – ამბობს ლორეანო. გაბეირა სრიალისას წყლის შემაძრწუნებელმა, აფეთქებისმაგვარმა ხმამ მიახვედრა, რომ მისი რეკორდული ტალღა მართლაც უზარმაზარი იყო. რეკორდის დამყარების შემდეგ, წყლიდან ამოსული მაკნამარა ნაპირზე შეკრებილი ხალხის მღელვარებამ გააკვირვა. იგი ამბობს, რომ „უბრალოდ გულით სრიალებდა და სიამოვნებას იღებდა“.
სერფერები გიგანტურ ზვირთებზე მუდამ ნადირობენ. „ეს ყოველთვის საუბრის მთავარი თემაა: სად არის 30-მეტრიანი ტალღა?“ – ამბობს ბრიტანელი სერფერი ენდრიუ კოტონი – „ნაზარეში – სოფელში, თანაც ზუსტად შუქურის წინ“. მას აცვიფრებს ის, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალღები ამდენი ხანი ასეთ თვალსაჩინო ადგილას იმალებოდნენ.
ნათელია, რომ ტალღებმა შეცვალეს დასახლება და სერფერები. 2013 წელს გაბეირა ტალღას უგონო მდგომარეობაში გამოსტაცეს. სიკვდილთან სიახლოვემ თავმდაბალი და „უფრო ადამიანური“ გახადა.
„ენერგია და ძალა, რომელიც ტალღებს აქვთ, არაამქვეყნიურია, – ამბობს ლორეანო, – ის ჯადოსნურია“. მისტიკურია. და დაუმორჩილებელი.