
შევიცნოთ დედამიწა სხვა თვალით
ვინ არ შეუყოვნებია მზის ჩასვლის სცენას? ან ქარით აშრიალებულ ხეებს? ზღვის დამატყვევებელ ტალღებსა თუ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას?
ამ შეგრძნებებს ბუნების ძალა წარმართავს; ის ბადებს ხმებს, სუნსა თუ ხედებს, რომელთაც ჩვენ აღვიქვამთ. National Geographic-ის დეკემბრის ნომერი სპეციალური გამოშვებაა და სწორედ ამ მოვლენებზე ფოკუსირდება.
ნომრის სახელწოდებაა “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სერენგეტიში“. სერენგეტი არ ჰგავს პლანეტის არც ერთ სხვა ადგილს. ის უხსოვარი დროის კაფსულა და ჩვენი მომავლის მაუწყებელია. ის არის სიცოცხლის რთული ქსელი, რომელიც დამოკიდებულია პარკების, რეზერვატებისა და ნაკრძალების საზღვრებს მიღმა არსებულ ლანდშაფტებზე.
დეკემბრის ნომერი დაყოფილია 6 თავად და თითოეული ერთ ფენომენს იკვლევს – ფერს, ხმას, სიჩქარესა თუ სხვა სახასიათო ნიშნებს. ჟურნალის გადაფურცვლამდე არ მინდა ბევრი ინფორმაციის გაცემა, მაგრამ აღვნიშნავდი თავს, რომელშიც აღბეჭდილია სერენგეტის ცხოვრება – საოცრად მოთხრობილი ამბავი, რომელსაც თან ახლავს ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსის ფოტოები.
„სერენგეტიში 25 წლის განმავლობაში დავდიოდი, თუმცა ის კვლავ განაგრძობს ჩემს გაოცებას“, – ამბობს ჰამილტონ ჯეიმსი. იქ მან 2 წელიწადზე მეტი გაატარა National Geographic-ის მისიით – 1,3 მილიონამდე ზოლებიანი გნუს შთამბეჭდავი ყოველწლიური მიგრაციის აღსაბეჭდად.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოგახვედროთ თქვენთვის უცნობ ადგილებში და ახალი თვალით დაგანახოთ მსოფლიო. იმედი მაქვს, ეს ნომერი გაამართლებს მკითხველის მოლოდინს.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic-ს.