შუა საუკუნეების მსოფლიო რუკა ინგლისიდან
საქართველოს ევროპული ისტორია
XIII საუკუნის ბოლოს ინგლისში, ჰერეფორდის საკათედრო ტაძარში შექმნილი mappa mundi (ლათ. მსოფლიოს რუკა), ამ ტიპის რუკების ჩვენამდე მოღწეულ უდიდეს ნიმუშად ითვლება.
ჰერეფორდის mappa mundi-ზე ისევე როგორც შუა საუკუნეების სხვა მსოფლიო რუკებზე პირველ რიგში მნიშვნელოვანია არა დატანილი ინფორმაციის გეოგრაფიული სიზუსტე, არამედ ცნობები, რომელთაც რუკა გვაწვდის.
ამ რუკაზე ქვეყნების და ქალაქების გვერდით ვხდებით: ცხოველებს, მცენარეებს, მითიურ არსებებს, ბიბლიურ და მითოლოგიურ სცენებს და სხვადასხვა სახის ეთნოგრაფიულ წარმოდგენებს. ამიტომაც არის, რომ ჰერეფორდის mappa mundi-ს ხშირად ენციკლოპედიური ხასიათის რუკას უწოდებენ.
რუკა შექმნილია „T-O“ პრინციპით, სადაც „O“ გულისხმობს ოკეანეს, რომელიც მთლიანად შემოფარგლავს ხმელეთს, ხოლო „T“ წარმოადგენს შიგნით მოთავსებულ სამ ნაწილად გაყოფილ ხმელეთს: აზია, ყველაზე დიდი ნაწილი, მოთავსებულია ზემოთ, ევროპა – ქვედა მარცხენა ნაწილში, აფრიკა – ქვედა მარჯვენა ნაწილში. რუკის ცენტრში ყოველთვის იერუსალიმია დატანილი, ხოლო რუკის თავში, ყავისფერი წრის ზემოთ ქრისტეა გამოსახული.
Mappa mundi-ზე ყავისფრად ოკეანეები და ზღვებია აღნიშნული, ხოლო ცისფრად – მდინარეები. ზღვებიდან გამონაკლისია წითელი ზღვა, რომელიც მსგავსად სხვა ზღვებისა არა ყავისფრით, არამედ წითელი ფერით არის წარმოდგენილი. ამ ზღვის მარჯვენა მხარეს იოლად შეამჩნევთ, რომ ზღვის ნაწილი გამოყოფილია. ეს დეტალი, ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ბიბლიურ სცენას უკავშირდება, რა დროსაც წითელი ზღვა ორად გაიყო.
რუკის მარცხენა მხარეს, კიდიდან არც ისე შორს, ყავისფრად ვერტიკალურად აღმართული შავი ზღვაა დატანილი, რომლის მარცხენა მხარეს, მახვილი თვალი ვერძის გამოსახულებას ამოიცნობს. ეს ოქროს საწმისის სიმბოლური აღნიშვნაა, რომელიც მდინარით არის შემოსაზღვრული. აქ, სავარაუდოდ, მდინარე ფაზისი (რიონი) იგულისხმება. ვერძის თავთან „Colcozum“-ის (კოლხეთი) აღნიშვნა და მცირე ტექსტია დატანილი, რომელშიც, სავარაუდოდ, მოხსენიებულნი არიან „iacō“ (იასონი) და თესალიის მეფე – „pelo rege“ (პელიასი), რომელმაც იასონს კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანა დაავალა. ჰერეფორდის mappa mundi-ზე ოქროს საწმისი და მასთან დაკავშირებული ტექსტი ერთადერთია იმ ხუთასზე მეტ ნახატს და აღნიშვნას შორის, რომელიც უძველეს კოლხეთს უკავშირდება.