ვინ:
ოთო გორდელაძე
სად:
ბაკურიანი
რა:
Nikon D810 კამერა 14-24 მმ-იანი ლინზით; F 2,8 G; საფოკუსე მანძილი – 14 მმ; ექსპოზიციის დრო – 30 წამი; ISO – 250
ამბავი:
ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ზამთარში ბაკურიანში, აუცილებლად ემახსოვრება მუდამ ხალხით სავსე ე.წ. „25-იანები“ და მის წინ გადაშლილი სივრცე, სადაც პატარებისთვის ათასგვარ გასართობს სთავაზობენ ადგილობრივები დამსვენებლებს. ეს ტერიტორია ყოველთვის ხალხმრავლობასთან, აურზაურთან და ბავშვების ჟრიამულთან ასოცირდება, თუმცა, როგორც ჩანს, ყველგან დგება გარინდების ჟამი და თითქოს მუდმივად დინამიკურ ადგილებშიც ჩერდება დრო.
ეს, ერთგვარი მისტიკური განწყობის მატარებელი ფოტო სწორედ „25-იანების~ პირდაპირ მდებარე ველზეა გადაღებული. განვლილი, აქტიური დღის ნაკვალევი თოვლში იკითხება, ღობედ ჩამწკრივებული საბურავები „ცივილიზაციის“ ნათელი კვალია, მასთან მდგარი მშვენიერი ხე ბუნების მარადიულ დიდებულებას უსვამს ხაზს და ამყარებს კომპოზიციას, ყოველივე ამას კი უპირისპირდება ხანგრძლივი ექსპოზიციით მიღებული ოდნავ გადღაბნილი ღრუბლები და შორს მოკიაფე სინათლეები, რომლებიც დინამიკურობის განცდას ბადებს.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge